მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას სახელმწიფო კომპანიებისთვის სესხის გარანტორობა უნდა აეკრძალოს - IMF-ის დოკუმენტი

61c300ce45615
შოთა ტყეშელაშვილი
22.12.21 15:06
787
საქართველოს სახელმწიფო კორპორაციების ფინანსური მდგომარეობა სავალალოა. სახელმწიფო საწარმოების სექტორი გამუდმებით ზარალზეა, 2020 წელს კი ზარალმა რეკორდულ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ის, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვაში რადიკალური ცვლილებებია საჭირო, ამის შესახებ დონორები მთავრობას არაერთი წელია აფრთხილებენ. რამდენიმე წლის წინ, კონკრეტული ცვლილებების გატარების ვალდებულება საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წინა პროგრამის ფარგლებშიც აიღო. მაშინ მეტი აქცენტი ფინანსური შედეგების აღრიცხვასა და გამჭვირვალობაზე გაკეთდა, თუმცა მთავარი საკითხი, რაც საწარმოების არამდგრადი ფინანსური შედეგები იყო, უცვლელად დარჩა.

IMF-მა გამოაქვეყნა რეფორმის ძირითადი პრინციპები, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციის პროგრამა უნდა წარიმართოს. ამავე დოკუმენტს თან ახლავს ფინანსთა სამინისტროს ხედვაც, თუ როგორ წარმოუდგენიათ სახელმწიფო კორპორაციების სექტორის რეფორმირება.

დოკუმენტის ერთი ნაწილი სახელმწიფო კომპანიების კრედიტებს შეეხება. მთავრობისა და მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში არსებულ კომპანიებს ჯამში, 14.7 მილიარდი ლარის სესხები აქვთ აღებული. თუკი ისინი საკუთარი კომერციული შედეგებიდან გამომდინარე, ამ ვალებს ვერ ისტუმრებენ, მაშინ მათი გადახდის ვალდებულება ქვეყნის ბიუჯეტზე ანუ გადასახადის გადამხდელებზე გადაინაცვლებს. სწორედ ამის თავიდან არიდებისთვის არის აუცილებელი რეფორმის გაკეთება.

რეფორმის მოდელში ფინანსთა სამინისტრო წერს, რომ ახალ სესხებში, რომლებსაც ეს კომპანიები გააფორმებენ, ხაზგასმული უნდა იყოს ის, რომ სახელმწიფო არ შეიძლება ამ კრედიტის გარანტორი იყოს, რათა საკრედიტო რისკის დადგომის შემთხვევაში, კორპორაციის ვალები ბიუჯეტის გადასახდელი არ აღმოჩნდეს. დოკუმენტის თანახმად, ის, რომ სახელმწიფო არ უნდა იყოს კონკრეტული კორპორაციის მიერ აღებული ვალების გარანტორი მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი ამ კომპანიების მიერ გაფორმებულ თითოეულ საკრედიტო ხელშეკრულებაში.

სახელმწიფო კომპანიების ვალი მზარდია. თუკი 2018 წელს მათი ვალდებულება 11.9 მილიარდი ლარი იყო, 2020 წელს ის 14.7 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები