საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების დოკუმენტის მიხედვით, წელს ქვეყანაში საშუალოდ 9.1%-იანი ინფლაციაა მოსალოდნელი. ეს მაჩვენებელი ზუსტად ორჯერ აღემატება 2022 წლის ბიუჯეტის წარდგენის დროს განსაზღვრულ პროგნოზს, რომლითაც წელს საქართველოში საშუალოდ 4.5%-იანი ინფლაცია უნდა ყოფილიყო.
განახლებული პროგნოზით, ინფლაცია 2023 წლიდან სამიზნე მაჩვენებელს უნდა დაუბრუნდეს.
სწორედ მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციის გამო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 მარტს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 11%-მდე გაზარდა.
იანვარში საქართველოში 13.9%-იანი წლიური ინფლაცია იყო, რაც თებერვალში 13.7%-მდე შემცირდა, მარტში დამატებით 11.8%-მდე იკლო, ხოლო აპრილში 12.8%-მდე გაიზარდა. სამომხმარებლო ჯგუფებიდან ყველაზე მკვეთრად - 21%-ით სურსათის და ტრანსპორტის (22%) სექტორებში ფიქსირდება ფასების მატება.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2022 წლის მეორე კვარტალში ინფლაცია საშუალოდ 10.5% იქნება, ის მესამე კვარტალში დამატებით 7.85%-მდე უნდა შემცირდეს, ხოლო მეოთხე კვარტალში 7% უნდა გახდეს. შესაბამისად, სებ-ი წლის ბოლოსთვის ინფლაციის კლებას პროგნოზირებს. 2023 წლიდან კი ინფლაციის დონე ჯერ 5%-ს შემდეგ კი საპროგნოზო 3%-ს უნდა დაუბრუნდეს.