მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ნარჩუნდება მაღალი ფასები თუ ინფლაცია იკლებს? - განმარტება

6473829de801a
ალა ისპირიანი
28.05.23 23:00
764
"ეროვნული ბანკის" მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა შალვა მხატვრიშვილმა, გადაცემა „ანალიტიკა“-ში განიხილა, როგორ გავლენას ახდენს ინფლაციის კლება პროდუქტის ფასებზე. 

კითხვაზე, რატომ ნარჩუნდება მაღალი ფასები თუ ინფლაცია იკლებს? მისი პასუხი იყო, რომ - დაბალ ინფლაციაში ფასების ზრდის ტემპის შენელება იგულისხმება. ფასების ზრდის ტემპის შენელება კი არა პროდუქტის გაიაფებას, არამედ იმას გულისხმობს, რომ გაძვირების ტენდენციაა შენარჩუნებული.

„მაგალითად აპრილში წლიური ინფლაცია თუ 2.7% იყო, ეს ნიშნავს, რომ შარშან ფასებთან შედარებით წელს ფასები გაზრდილია 2.7% -ით. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ინფლაცია არის დაბალი ვგულისხმობთ, რომ ფასების ზრდის ტემპი არის შენელებული. ზრდის ტემპის შენელება გაიაფებას კი არ გულისხმობს, არამედ გულისხმობს იმას, რომ გაძვირების ტენდენცია შენარჩუნებულია, - უბრალოდ ისეთი ჩქარი ზრდა არ ხდება. ზოგი ფასი შეიძლება შემცირდეს ზოგი გაიზარდოს, თუმცა ჩვენ ჯამურ სურათს ვუყურებთ და ფასები საშუალოდ მაინც გაზრდილია 2.7%-ით - რაც შედარებით დაბალია.

შეიძლება მონეტარული პოლიტიკისთვის ეს მისაღებია, რადგან შედარებით დაბალი ინფლაცია ეკონომიკის გრძელვადიან ზრდას ეხმარება, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ თავად ფასების დონე მთლიანად ეკონომიკაში მცირდება“, - განაცხადა მან.

ამასთან, შემცირებულია იმპორტული ფასები, მაგალითად, როგორიც არის საწვავი, შესაბამისად ჩნდება კითხვა, ეს შემცირება ადგილობრივი ფასების შემცირებასაც თუ გადაეცემა? - აღნიშნულთან დაკავშირებით იგი პასუხობს, რომ კი:“ჩვენ ველოდებით, რომ იმპორტული ფასების შემცირების შემდეგ ადგილობრივი ინფლაციაც შემცირებას გააგრძელებს. ის ჯერ კიდევ მაღალია თუმცა მცირდება და ვთვლით, რომ შემცირებას გააგრძელებს“.

საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით ფასების კლებას ძირითადად იმპორტირებული საქონლის დეფლაცია განაპირობებს. რაც ლარის გამყარებით და საერთაშორისო ფასების კლებით არის გამოწვეული. ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე კი შედარებით მაღალი ინფლაცია ნარჩუნდება. სებ-ი ამბობს, რომ მაღალი ადგილობრივი ინფლაცია ზოგიერთი ადგილობრივად ნაწარმოები სურსათის პურის, ყველის, ხორცის და მომსახურების წლიურ გაძვირებას უკავშირდება. თავის მხრივ მომსახურების მაღალი ინფლაცია დიდ წილად უცხოელთა რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგად მომსახურებაზე გაზრდილი ფასებით შეიძლება აიხსნას, აქედან კი ყველაზე გამოსარჩევი ბინის ქირაა.