CNN-ის თანახმად, ქვეყანაში გაყიდვების ლიდერის პოზიცია დაკარგა Tesla-მ და ამჟამად ამ ადგილს Volkswagen-ის ჯგუფის მიერ წარმოებული ელექტრომობილები იკავებენ. ნორვეგიულ ბაზარზე წარმატებული აღმოჩნდა VW-ის ჯგუფის წევრის, Audi-ს მიერ წარდგენილი e-Tron-ის მოდელი, რომელიც მაღალ საფასო კატეგორიაში გაყიდვებით Tesla-ს ასწრებს.
ნორვეგიაში მოქმედებს საგადასახადო შეღავათების პროგრამა მათთვის, ვინც ელექტრომობილების შეძენას გეგმავს. ამ შეღავათების მეშვეობით ქვეყნის მთავრობა 2025 წლისთვის გეგმავს, რომ გაყიდვებში შიგა წვის ძრავზე მომუშავე ავტომობილები სრულად ელექტრომობილებით ჩაანაცვლოს.
ნორვეგიის საგზაო ფედერაციის სტატისტიკის მიხედვით, ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებზე შარშან გაყიდვების 83% მოდიოდა. ორგანიზაციის თავჯდომარე CNN-თან საუბარში ამბობს, რომ ასეთი შედეგების ფონზე, სავარაუდოა, რომ შიგა წვის ძრავიანი ავტომობილების ჩანაცვლების შესახებ მთავრობის მიერ დასახული გეგმა ვადაზე ადრე შესრულდება.
ამასთან, ასოციაციის ინფორმაციით, ქვეყანაში 10,000 საჯარო დატენვის პუნქტი მოქმედებს.