მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნუ იქნები სულელი" - ტრამპის წერილი ერდოღანს

5da80ee718419
მიხეილ ხაჩიძე
17.10.19 14:15
1563
გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგას წერილი გაუგზავნა, სადაც ტრამპმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ჩრდილოეთ სირიის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდებდა. ამერიკულმა ტელეარხმა Fox News–მა ოთხშაბათს (ადგილობრივი დროით) წერილის ასლი გამოაქვეყნა.

დოკუმენტი 9 ოქტომბერითაა დათარიღებული, ეს კი სწორედ ის დღეა, როდესაც თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები დაიწყო.
 
ტრამპმა ერდოღანი ცალსახად გააფრთხილა, რომ ათასობით ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებლობა არ აეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ თურქეთის ეკონომიკას გაანადგურებდა. თეთრი სახლის ლიდერი წერილში ერდოღანს მოლაპარაკებების წარმოებისკენ მოუწოდებს და დასძენს, რომ ქურთები ამისთვის მზად არიან.

"თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ დიდებული საქმე, ისტორია დაგაფასებთ, თუ კონფლიქტს სწორად და ჰუმანურად მოაგვარებთ", - წერს ტრამპი.

წერილის ბოლოსკენ კი შტატების პირველი პირი ერდოღანს მოუწოდებს, რომ სისულელე არ ჩაიდინოს.

"ნუ იქნები მკაცრი ბიჭი. და ნუ იქნები  სულელი", - დასძენს ტრამპი.
 
ცნობისთვის: ბოლო დღეებია, დონალდ ტრამპი მასობრივი კრიტიკის წინაშეა. განსაკუთრებით მწვავეა მისდამი "რესპუბლიკელთა" დამოკიდებულება. შტატებში მიაჩნიათ, რომ თეთრი სახლის ლიდერმა სირიის რეგიონიდან ამერიკული ჯარების გაყვანით ერდოღანს მწვანე შუქი აუნთო. ტრამპი ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყობს და ირწმუნება, რომ მას აშშ-ის ჯარისკაცების უკან დაბრუნება "გაუთავებელი ომებისგან" სურდა. როგორც ის განმარტავს, მას არავითარ შემთხვევაში არ აუნთია ანკარასთვის მწვანე შუქი.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო" 9 ოქტომბერს დაიწყო, რასაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვრეპლა, ათასობით კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.