საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის ოქტომბერში საქართველოდან საქონლის ექსპორტმა $312.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 2.2%-ით ნაკლებია.
საქსტატის ინფორმაციითვე, ოქტომბერში 23.5%-თ შემცირდა იმპორტი და მან $706 მილიონი დოლარი შეადგინა.
სექტემბერში ეკონომიკური კრიზისის დაწყების შემდეგ პირველად, ექსპორტის მოცულობა წინა წელთან შედარებით 8.3%-ით გაიზარდა და $331 მილიონი დოლარი შეადგინა. მართალია ოქტომბერში ექსპორტის მოცულობა შედარებით შემცირდა, თუმცა ის 2019 წლის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად არ ჩამოუვარდება.
რაც შეეხება ჯამურად 10 თვის შედეგებს, ექსპორტი $2.7 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 2019 წელთან შედარებით 11%-ით ნაკლებია, იმპორტი კი 16%-ით არის შემცირებული და $6.4 მილიარდ დოლარს შეადგენს.
საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 ნოემბერს გამოქვეყნდება, შესაბამისად ამ დღეს გაირკვევა თუ რა დასახელების საქონლის ექსპორტის კლებამ განაპირობა მთლიანად ექსპორტის შემცირება.