მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა შურღაია საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიების საგადასახადო შეღავათებზე - "კითხვები არსებობს"

5f8075b5e18aa
ლიკა გურაბანიძე
09.10.20 23:15
1915

“საგადასახადო შეღავათების დაწესებას მივესალმები, უფრო სწორად მივესალმები საგადასახადო განაკვეთების დაწევას”, - ამის შესახებ “გრანთ თორნთონის” პარტნიორმა პაატა შურღაიამ გადაცემა “საქმიან დილაში” მთავრობის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც IT და საზღვაო ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების მინიჭებას გულისხმობს.

კერძოდ, გუშინ პრემიერმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ. პრემიერის თქმით, შეღავათები ითვალისწინებს როგორც საშემოსავლო, ისე - მოგების გადასახადის 5%-მდე შემცირებას.

როგორც შურღაია აღნიშნავს, შეღავათებით სარგებლობის უფლება ახლად დაარსებულ კომპანიებსაც უნდა ჰქონდეთ. ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განმარტებით, იმისათვის, რომ კომპანიამ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიიღოს, IT მიმართულებით საქმიანობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

“ის, რომ ჩვენ კონკრეტულ სექტორებთან და დარგებთან მიმართებაში გვინდა პრეფერენციები გავაკეთოთ, ეს კარგია და ამასთან დაკავშირებით დიდი ხანია საუბარი მიმდინარეობდა. თუმცა, ის კანონპროექტი და იდეა, რომელიც მამუკა ბახტაძეს თავის დროზე ჰქონდა, ეს იმის მოდიფიცირებული ვერსიაა, რადგან ჩვენ მაშინ ტრანსნაციონალურ კომპანიებზე ვსაუბრობდით, თუმცა დღეს ამან სტატუსი შეიცვალა და ეს სტატუსი უკვე ადგილობრივი კომპანიებისთვისაც განისაზღვრა.

თუმცა კითხვები არის. მაგალითად, იმ კომპანიებს, რომლებიც ბაზარზე თუნდაც ერთი წელია წარმოდგენილები არიან, ამ შეღავათებით სარგებლობის უფლება რატომ არ უნდა ჰქონდეთ?

IT ინდუსტრიის განვითარება ზოგადად ძალიან კარგია. შედარებას თუ გავაკეთებთ, მაგალითად, ჩვენ მომსახურების მისაღებად კომპანია ადგილზე არ გვჭირდება, რადგან ეს არის ინფორმაციული ტექნოლოგიები და მხარდაჭერა შესაძლოა სხვა ქვეყნებიდანაც მივიღოთ.” - აღნიშნა შურღაიამ.

პაატა შურღაიამ ხელისუფლებას ინვესტიციების მოზიდვის გაუმჯობესებისთვის რჩევაც მისცა.

“ხელისუფლებას რჩევას მივცემდი. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ჩვენ ე.წ. ამბასადორები არ გვყავს, კერძოდ ის პირები, ვინც საქართველოში ინვესტორების შემოყვანაზე იმუშავებენ. ამ ნაწილში მუშაობაა საჭირო, რომ ჩვენ სხვა დაინტერესებულ მხარეებს ხმა მივაწვდინოთ.” - განმარტა “გრანთ თორნთონის” პარტნიორმა.