„სახელმწიფოში ყოველთვის უნდა იყოს ხორბლის ორი თვის მარაგი მაინც”, - განაცხადა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას „პარტნიორი 2017“-ის მმართველმა პარტნიორმა ბესიკ ჯიქიამ.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან მხოლოდ ხორბლის ექსპორტზე დაწესებულმა “არაკლასიკურმა” საბაჟო ტარიფმა, ფქვილის ექსპორტი წაახალისა, ხოლო ხორბლის - შეამცირა.
„რუსეთის მხრიდან საბაჟო ტარიფი ტონა ხორბალზე 97 დოლარია, თუმცა ეს მოსაკრებელი ფქვილზე არ ვრცელდება. შესაბამისად რუსეთიდან იმპორტირებული ფქვილის ფასი გაცილებით იაფია, ხოლო ხორბლის მარაგების შექმნა ვერ ხერხდება", - განაცხადა ბესიკ ჯიქიამ.
მისივე განცხადებით, ჯერჯერობით, რუსეთიდან ხორბლის შემოტანა ხორციელდება, თუმცა ბაზრის დაკეტვის შემთხვევაში, ევროპიდან და ყაზახეთიდან იმპორტის განხორციელებაც არ იქნება პრობლემა.