მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ-ესპანური ინვესტიციით კასპში აგურის წარმოება თვის ბოლოს დაიწყება

5f801285232ce
ვიქტორია მღებრიშვილი
10.10.20 12:15
3475
ქართულ - ესპანური ინვესტიციით აგურის წარმოების ამოქმედებას „კერამიკა ელ ტორენტე პლიუსი“ მიმდინარე წლის აპრილში გეგმავდა,  თუმცა ქარხნის ოფიციალური გახსნის თარიღმა ოქტომბრის ბოლოსთვის გადაიწია.  ესპანურმა კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტემ“ ესპანეთიდან ქარხნის საქართველოში გადმოტანა 2018 წელს გადაწყვიტა  და „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის პროცესი 2018 წლის ნოემბერში დაიწყო.

„კერამიკა ელ ტორენტე პლიუსის“ დამფუძნებელი ვასილ ბაბლუანი BM.GE-ისთან საუბრისას აცხადებს, რომ საწარმოს ამოქმედების თარიღის გარდა პროექტის დაფინანსების პირობებიც შეიცვალა. მისი ინფორმაციით, ქარხნის საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ ლარია და თუ ადრე პროექტში საპარტნიორო ფონდის ფინანსური თანამონაწილეობა იყო, დღეს კომპანია სააგენტო „აწარმოე საქართველოშის" საკრედიტო საგარანტიო სქემის ბენეფიციარია და სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა და საგარანტიო თანხის მოცულობა 3.5 მლნ ლარია. 

„საკრედიტო-საგარანტიო სქემით სარგებლობამ ესპანელ პარტნიორებთან ურთიერთობა უფრო გაამყარა, რადგან მათ ამ რთულ პერიოდში ჰქონდათ გარანტია, რომ წარმოება ამოქმედდებოდა და მეორე - ჩვენთვის ბევრს ნიშნავდა სახელმწიფოს ფინანსური ხელშეწყობა“, - აღნიშნა ვასილ ბაბლუანმა.

„კერამიკა ელ ტორენტე პლიუსის“ დამფუძნებელი ქარხნის ამოქმედების შეფერხების მიზეზად პანდემიას ასახელებს.

„მოგეხსენებათ, ესპანური წარმოება გადმოგვაქვს საქართველოში. პანდემიამ ეს პროცესები გარკვეულწილად შეაფერხა და წარმოებისთვის საჭირო დანადგარების ტრანსპორტირება დროში გაიწელა. დღეს ქარხანა უკვე აწყობილია, ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა, ზოგადად, ევროპული სტანდარტებით; ახლა მიმდინარეობს ღუმელის მოწყობის სამუშაოები“, - განაცხადა ვასილ ბაბლუანმა და დასძინა, რომ ქარხანა 40-50 ადამიანს დაასაქმებს - ძირითადად ადგილობრივებს.

„საწარმოს წარმადობა 100 000 – 120 000 ცალი აგურია დღე-ღამეში, თუმცა საწყის ეტაპზე ეს მოცულობა არ გვექნება და ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე ავამოქმედებთ ქარხანას. აგურის წარმოება, პირველ რიგში, ადგილობრივი ბაზრის მომარაგებაზე იმუშავებს, ხოლო გრძელვადიან გეგმებში ექსპორტზე გასვლაც შედის“, - აღნიშნა „კერამიკა ელ ტორენტე პლიუსის“ დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები