მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქართული ბიზნესი უნდა გამოფხიზლდეს” - რობერტ ამსტერდამი

64b11ee01b1e2
ელენე კვანჭილაშვილი
14.07.23 14:03
866
"არაფერი აღელვებს ინვესტორს ისე, როგორც იმის დანახვა, თუ როგორ არის ბოროტად გამოყენებული სამართლის სისტემა. გიორგი ადგილობრივი ბიზნესმოთამაშეა. მაგრამ თავად ფაქტი, რომ ის ამ ტიპის სამიზნე გახდა, ბრალდებებით, რომლებიც გულწრფელად რომ ვთქვათ ვერანაირ მოკვლევას, შემოწმებას ვერ უძლებს – ეს მხოლოდ უარყოფითი სიგნალია” – ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა და Amsterdam & Partners-ის მმართველმა პარტნიორმა რობერტ ამსტერდამმა ‘ანალიტიკა’–ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის და ‘საქმიანი დილა’–ს ავტორისა და წამყვანის გიორგი ისაკაძის ერთობლივ ინტერვიუში განაცხადა.

საქმე ის არის, რომ ამ დროისთვის „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარის გირაო აქვს შეფარდებული. მას ასევე, საქმის გამოძიების დასრულებამდე, ქვეყნის დატოვება აეკრძალა და მისი კუთვნილი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება დაევალა. გიორგი ბაჩიაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქმე არ ეხება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

“როცა ხალხი ამას უყურებს, ამ ქაოსს, რომელმაც უნდა გასვაროს ახალგაზრდა, ნიჭიერი, განათლებული ანტრეპრენერი - ეს მხოლოდ უარყოფითი სიგნალია; ეს მხოლოდ დაუსჯელობის სინდრომის, ხელშეუხებლობის დემონსტრირებაა” - აღნიშნა რობერტ ამსტერდამმა.

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის თქმით, საბოლოო ჯამში, პროკურორები სამოქალაქო მოხელეები არიან, რომლებმაც საქართველოს კონსტიტუცია უნდა დაიცვან და ეს მათ საქართველოს ბიზნესსაზოგადოებამ უნდა შეახსენოს.

“ქართული ბიზნესი უნდა გამოფხიზლდეს და მოითხოვოს ამ ტიპის მართლმსაჯულების შეწყვეტა. ბიზნესსაზოგადოებამ უნდა შეახსენოს მათ, დღეს გიორგია, ვინ იქნება ხვალ? ვინ იქნება შემდეგ?” - ამბობს რობერტ ამსტერდამი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები