სააგენტო „ აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულებას რამდენიმე კომპონენტი დაემატა, რომლის ფარგლებში სააგენტო კომპანიებს უფინანსებს როგორც პროდუქტის სერტიფიცირებას, ისე ბრენდინგს, ხოლო საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირების მიზნით გრანტს გადასცემს.
როგორც სააგენტო“ აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი „საქმიან დილაში“ განმარტავს, პროგრამის თითოეული კომპონენტის მოდელირება ექსპორტიორი კომპანიების საჭიროებების საფუძველზე შედგა. ასეთი კი სააგენტოს პორტფელში 400-სზე მეტი კომპანიაა.
„ექსპორტიორ კომპანიებს გამოფენებზე წასვლასთან ერთად ხელს ვუწყობთ არამარტო ტრენინგით, არამედ მაგალითად უცხო ბაზარზე შესვლის თანადაფინანსებით, ანუ სუპერმარკეტების და გაყიდვების ქსელში შესვლის შემთხვევაში და შემდგომ ამის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, სააგენტო მზად არის მნიშვნელოვანი თანხის ნაწილი გრანტის სახით 80%-მდე დაუბრუნოს უკან კომპანიას. ეს არის ძალიან დიდი დაფინანსება. ასევე თუკი საწარმო გადაწყვეტს, რომ მოხდეს მისი სერტიფიცირება ან აუდიტის გაკეთება რომელი სერტიფიცირების და ხარისხის დანერგვა სურს, ამაშიც შევდივართ თანადაფინანსებაში. ასევე მარკეტინგი, ბრენდინგი შეფუთვა - ანუ ყველ ის საჭიროება, რომელიც შეიძლება გაუჩნდეს მცირე საწარმოს.
იანვრიდან დაიწყო ეს პროგრამა. ახლა მიდის მუშაობა კომპანიებთან, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამ პროგრამაში მათი ჩართვა“-აცხადებს ხიდურელი.
ექსპორტის ტექნიკური დახმარების პროგრამის შესახებ:
პროგრამა შედგება სამი კომპონენტისაგან:
-პროდუქტის ლიცენზირება/სერტიფიცირება, რომლის დაფინანსების მოცულობა განისაზღვრა 20,000 ლარით. აღნიშნული მოიცავს საწარმოს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას; ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვებას და მეწარმე სუბიექტის მიერ წარმოებული პროდუქტის ლიცენზირებას.
-ბრენდინგი/პროდუქციის შეფუთვა, რომლის დაფინანსების მოცულობა განისაზღვრა 20,000 ლარით. აღნიშნული მოიცავს ბრენდის ჩამოყალიბებისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავება; ბრენდის ტრანსფორმაცია/ცვლილება (rebranding) და პროდუქციის შეფუთვა ბრენდის სახელმძღვანელოს (brandbook) შესაბამისად;
-საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირება ექვივალენტი ლარში, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო ქსელში შესვლის ხელშეწყობას გულისხმობს. აღნიშნულის დაფინანსების მოცულობა - 10 000 ევრო ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.