მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეტრო ჰოლდინგი" უნებართვო მშენებლობებთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს

61fbc27665ca7
შოთა ტყეშელაშვილი
03.02.22 15:56
2593
"მეტრო ჰოლდინგი", რომელიც ბათუმის უძრავ ქონებაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია, მისი ერთ-ერთი შვილობილი კომპანია "მეტრო ტერმინალის" მიერ უნებართვოდ აშენებულ კორპუსებთან დაკავშირებით პირველ განცხადებას BM.GE-სთან აკეთებს. კომპანია ბათუმში გოგოლის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსებს შესაბამისი ნებართვის გარეშე აშენებს, რის გამოც კომპანია ამ დრომდე 49-ჯერ, ჯამში 246,000 ლარით დაჯარიმდა. "მეტრო ჰოლდინგის" განცხადების მიხედვით, კომპანიას ამ დრომდე ნებართვის მიღებაში სხვადასხვა სახის ბიუროკრატიულმა ბარიერმა შეუშალა ხელი. თავად ახალ კორპუსებში კი ინვესტორი ბათუმის "ტექნოლოგიური პარკის" მოწყობას გეგმავს. 

"მეტრო ჰოლდინგის" განცხადება უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით:

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს გავაკეთოთ განმარტება ქ. ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით.

დღემდე კომპანიას არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხზე, თუმცა ბოლო დროს მედიაში სხვადასხვა ინტერპრეტაციით მიზანმიმართულად გავრცელებულმა ინფორმაციამ კითხვის ნიშნები გააჩინა საზოგადოებაში, რაც შესაძლოა უარყოფითად აისახოს დაგეგმილ პროექტზე და დააზიანოს, როგორც კომპანიის, ასევე დაინტერესებულ ინვესტორთა იმიჯი.
ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზებიდან გამომდინარე, საკითხი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დაინტერესებისა და განსხვავებული შეფასებების საგნად იქცა, შესაბამისად, თავს ვალდებულად ვთვლით დავარღვიოთ დუმილი და განვუმარტოთ საზოგადოებას არსებული ვითარება:

გოგოლის ქუჩაზე განთავსებული მიწის ნაკვეთი კომპანიის საკუთრებაში 2010 წლიდანაა, (სადაც განხორციელებული იყო 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც მოიცავდა მაგრამ არ შემოიფარგლებოდა საერთაშორისო ავტოსადგურსა და სხვა დამხმარე ობიექტებს, სამწუხაროდ გააქტიურებულ ჯგუფებს გაყინულ ინვესტიციაზე ხმა არ ამოუღიათ), ამავე პერიოდიდან ხდება პროექტის შეთანხმება, შესაბამისი სამშენებლო ნებართვების მოპოვება და პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანა. ვინაიდან ტერიტორია დაახლოებით 300 000 კვმ-ს მოიცავს, ბუნებრივია, დროთა განმავლობაში შემუშავდა ტერიტორიის ეტაპობრივი ათვისების გეგმა, რაც თავის მხრივ, არსებულ პროექტში ცვლილების შეტანასა და მოთხოვნებთან ადაპტირებას გულისხმობდა. კანონმდებლობით დადგენილი ყველა პროცედურის განხორციელებისა და შესაბამის ორგანოში ცვლილებების პროექტის წარგენის პროცესში აღმოჩნდა, რომ ტერიტორიას, რომელიც ასევე მოიცავდა ჩვენ საკუთრებაში არსებულ მონაკვეთს, შეეცვალა მიზნობრივი დანიშნულება, რამაც განსაკუთრებით გააჭიანურა პროექტში ცვლილებების შეტანის საკითხი. ამავე პერიოდს დაემთხვა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის შემდეგაც გადაწყვეტილების მიმღები ორგანო - ქალაქ ბათუმის საკრებულო ფაქტიურად ვერ შეიკრიბა. არსებული ბიუროკრატიული დაბრკოლებების საფუძველზე შეიქმნა რეალური საფრთხე იმისა, რომ კომპანია (შესაბამისად, ჩვენი რეგიონი) დაკარგავდა 250 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს, შესაბამისად ინვესტორების მოლოდინებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა არსებულ ნებართვაში ცვლილებების განხორციელება.

რაც შეეხება უშუალოდ სამშენებლო ობიექტსა და იქ არსებული ინფრასტრუქტურის სამომავლო გამოყენებას:
ტერიტორიაზე განთავსებულია - 4 ერთმანეთთან დაკავშირებული ექვს სართულიანი შენობა-ნაგებობა, ხოლო საკუთრების უკიდურეს სამხრეთ ნაწილში რვა სართულიანი - 2 შენობა. ყველა მითითებული ნაგებობა წარმოადგენს კარკასულად დასრულებულ ობიექტს, ხოლო შიდა ინფრასტრუქტურული სამუშოების განხორციელება შეჩერებულია. არსებული მოცემულობით შენობები დაიტვირთება საოფისე, სავაჭრო, სასწავლო და საოპერაციო დანიშნულებით.

ამ ეტაპზე მთავარ ამოცანას წარმოდგენს, გაჭიანურებული ბიუროკრატიული დაბრკოლებების დაძლევა და არსებული შენობება-ნაგებობების საკანონმდებლო ჭრილში მოქცევა, რადგან მითითებულ ტერიტორიაზე, როგორც უკვე დავაანონსეთ მომდევნო 4-6 თვის განმავლობაში იგეგმება ტექნო პარკის მოწყობა.

ტერიტორია თავისი მდებარეობიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს სიახლოვეს ბათუმის პორტთან, ცენტრალურ მაგისტრალთან და რკინიგზის სადგურთან, უკვე გახდა ინტერესის საგანი სხვადასხვა საინვესტიციო ჯგუფებისათვის, რომლებიც ელოდებიან კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა და ტექნო პარკის ამოქმედებას, საცდელი პროექტების განხორციელების მიზნით. კერძოდ, დაგეგმილია სრული ტერიტორიის ათვისება და ტექნოპარკის მოწყობა, სადაც თავმოყრილი იქნება ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და იგი იქნება ერთგვარი პლატფორმა ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნეს(ებ)ის განვითარებისთვის. ტექნოპარკი ხელს შეუწყობს დაინტერესებულ პირებს ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, შექმნან ინოვაციური, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოებები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ამასთან, ტექნოპარკი გააერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეებსა და სტარტაპ შოპებს. აღნიშნული ინიციატივა მოწოდებულია, საგადასახადო შეღავათებით მოიზიდოს, რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტიცია ქვეყანაში.

ჩვენი მიზანია, საქართველოში ტექნო პარკის ბაზაზე, უპრეცედენტო მასშტაბისა და ხარისხის სტანდარტები შევთავაზოთ კომპანიებს, როგორც ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის, ისე სერვისების მრავალფეროვნების თვალსაზრისით.

პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მივმართავთ და ვთხოვთ აქტიურ ჯგუფებს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და საკუთარი უპასუხისმგებლო განცხადებებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საფუძველზე, ნუ შეუქმნიან საფრთხეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებას.

დღიდან საკითხის გაშუქებისა, ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. ამასთან, მას შემდეგ, რაც ობიექტი დააკმაყოფილებს ვიზიტორთათვის დაწესებულ უსაფრთხოების სტანდარტებს (ობიექტიდან გაყვანილი იქნება მძიმე ტექნიკა, ტერიტორია გათავისუფლდება სამშენებლო ნარჩენებისაგან), მზად ვართ ადგილზე ვუმასპინძლოთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და პირადად გავაცნოთ განსახორციელებელი პროექტის შინაარსი და მნიშვნელობა,"- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

ბათუმის მერიის განცხადებას უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები