შაბათს, 21 დეკემბერს ბათუმში ტურიზმის სექტორის საპროტესტო მარში - "ტურიზმის განგაში" დაიგეგმა. როგორც ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ, 19:00 საათზე, "ტურიზმის განგაში" ბულვარის კოლონადებთან დაიწყება.
"ამ ინდუსტრიის შემადგენელი ყველა რგოლის წარმომადგენელი გაგვაერთიანა ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამყარების რისკმა, დემოკრატიული პრინციპების უარყოფამ, ქვეყნის ევროპული მომავლის დაკარგვის საშიშროებამ და მწვავე პოლიტიკურმა კრიზისმა, რომლის შედეგებიც უდიდეს ზიანს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას და ინდუსტრიაში დასაქმებულ ასი ათასობით ადამიანს როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან ჭრილში.
ტურიზმის და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლები ვაპროტესტებთ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და მის იზოლაციას დემოკრატიული სამყაროსგან, მშვიდობიანი მოქალაქეების არაკანონიერ დაკავებას, ძალადობას და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები, დაინიშნოს ახალი არჩევნები და მიეცეს ქვეყანას საშუალება, დაიბრუნოს სტაბილური და ევროინტეგრაციისთვის ხელსაყრელი გარემო.ტურიზმის და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლები (სასტუმროები, ტურისტული კომპანიები, გიდები, კაფეები, ბარები, რესტორნები, Airbnb ჰოსტები, ღამის კლუბები, გასართობი სივრცეები)", - წერია ღონისძიების აღწერაში.