მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიწას ვაძლევთ... ველოდებით მათ მკაფიო გადაწყვეტილებას"- მინისტრი ფოთის პორტის გაფართოებაზე

64a3d4e720edd
შოთა ტყეშელაშვილი
04.07.23 12:36
979
ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია APM Terminals Poti-ი, რომელიც დანიური "მაერსკის" შვილობილია, პორტის გაფართოებას უკვე რამდენიმე წელია გეგმავს, რისთვისაც მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობასთან მართავს. კომპანია, ამ მხრივ, დაახლოებით 250 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავდა, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული პროექტი არ არის ცნობილი, ასევე უცნობია, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები APM-სა და მთავრობას შორის.

პროექტთან დაკავშირებით BMG-ის კითხვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, საინვესტიციო შეთანხმების არაერთი "დრაფტი" იქნა სამინისტროს მხრიდან გადაგზავნილი, თუმცა მათზე საბოლოო დასტური კომპანიას ჯერ არ გაუცია. მინისტრი ასევე ამბობს, რომ პოზიტიურად ჩაიარა შეხვედრამ პრემიერსა და APM-ის აღმასრულებელ დირექტორს, კის სვენდსენს შორის, თუმცა სახელმწიფო პორტის ოპერატორთან კვლავ მოლოდინის რეჟიმშია.

“კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკებები, უშუალოდ მე მაქვს წელიწადნახევარია. მანამდეც იყო არაერთი თვე მოლაპარაკება. მიწა პირველი დღიდან დღემდე არაა განხილვის საგანი. ჩვენ მათ მიწას ვაძლევთ. მაგრამ ამ მიწის გადაცემა იქნება იმ ხელშეკრულების ნაწილი, რომელიც მთავრობასთან უნდა გაფორმდეს პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. მათ რაღაც სამუშაოები უკვე გაწიეს, როგორც იცით. გარემოზე ზემოქმედების შეფასება არის დასრულებული. მაგრამ იმისთვის, რათა მიიღონ მშენებლობის ნებართვა, მათ მთავრობასთან უნდა ჰქონდეთ შეთანხმება. ამისთვისაც მზად ვართ, გადაგზავნილი გვაქვს "დრაფტი" არაერთხელ და ველოდებით კომპანიის მხრიდან მკაფიო გადაწყვეტილებას, რომელიც ჯერჯერობით არ არის მიღებული. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ პოზიტიური იყო შეხვედრა კომპანიის ხელმძღვანელსა და პრემიერს შორის წინა კვირის განმავლობაში. მათი მხრიდან სიტყვიერი მორიგი შეპირება და გეგმა გაფართოების და ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ არსებობს,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქმე ის არის, რომ APM TERMINALS-მა ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის აშენების მიზნით, ჯერ კიდევ 2018 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 351,056 კვადრატული მეტრი მიწის გადაცემა სთხოვა, მაგრამ მაშინ სახელმწიფოსგან უარი მიიღო.

2019 წელს APM-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ მიმართა განცხადებით და მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსგან საჭირო ნებართვა მიიღო კიდეც, მაგრამ ძალიან მალევე ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ნათია თურნავამ ბრძანება გააუქმა.

მთავრობის განცხადებით, კომპანიისთვის მიწების გადაცემა მოხდება მაშინ, როდესაც მხარეებს შორის საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდება და APM-ი მრავალმილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებას აიღებს.



ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი: APM დუმს. რას ამბობს ეკონომიკის სამინისტრო?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები