საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა უპასუხა BMG-ის კითხვას სებ-ის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც თებერვალში პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ჯეიმს ჯონის განცხადებით, ფონდი პრეზიდენტის ვეტოს მიესალმება და მიიჩნევს, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონის მიღება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას საფრთხის ქვეშ აყენებდა.
ჯეიმს ჯონი აღნიშნავს, რომ სებ-ი არჩილ მესტვირიშვილის მიერ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების პერიოდში “კარგ ხელშია”.
“არსებობს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მკაფიო არჩევის წესი, რომელიც საოპერაციო პასუხისმგებლობებს განსაზღვრავს არ არის საჭირო ახალი წესების განსაზღვრა. ამასთან, ეროვნული ბანკი კარგ ხელშია პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, მესტვირიშვილის მმართველობის პირობებში. როგორც ჩვენს მიერ თებერვალში გამოქვეყნებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, არაა საჭიროება შეიცვალოს მოქმედი კანონმდებლობა, ხოლო წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ჩვენი შეფასებით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ჩვენ პრეზიდენტის ვეტოს მივესალმეთ,”- აცხადებს ჯეიმს ჯონი.
ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო 23 თებერვალს დაადო. მაშინ სალომე ზურაბიშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ ხელისუფლებას სებ-ში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მისთვის სასურველი კანდიდატის არჩევა სურდა.
“მაშინ, როცა მოქმედი 3 ვიცე-პრეზიდენტიდან თავისუფლად შესაძლებელია ერთ-ერთმა შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა, ამას პრაქტიკა ადასტურებს.
მაშასადამე, ჩნდება კითხვა: ნუთუ ხელისუფლებას არცერთი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა არ აკმაყოფილებს და სჭირდება დამატებითი ადგილის შექმნა?
ასევე, ჩნდება ეჭვი იმის შესახებ, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურებს არ ექნება პარლამენტის მხარდაჭერა, კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ პირველმა ვიცე- პრეზიდენტმა განუსაზღვრელი ვადით შეასრულოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა.
ასეთი ეჭვი უთუოდ უნდა გაიფანტოს, რამეთუ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრინციპი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს,”- ეწერა პრეზიდენტის თებერვლის განცხადებაში.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პოსტი 2 მარტს დატოვა, მას შემდეგ სებ-ს ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი მართავს. პარალელურად, გრძელდება სებ-ის საბჭოს კანდიდატობის შესარჩევი პროცესი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ატარებს.