მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამინისტროსთან ორი მოთხოვნა გვაქვს" - "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" პროტესტი გრძელდება

642406309a93d
სალომე ხიდურელი
29.03.23 13:50
533
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედპერსონალის პროტესტი გრძელდება. ექიმების მოთხოვნა უცვლელია: კლინიკაში ჩატარებული სამშენებლო თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში საავადმყოფომ შეინარჩუნოს თანამშრომლების არსებული შემადგენლობა და გააგრძელოს პაციენტების მიღება.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი დუნდუა BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ განმარტავს, კლინიკის თანამშრომლებისათვის უკვე არსებული შენობის რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც მათ საავადმყოფოს წინა ხელმძღვანელმა 2023 წლის იანვარში გააცნოთ, სრულიად მისაღებია.

„პრობლემები დაიწყო 17 თებერვალს, როდესაც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია იგეგმება, უნდა მოხდეს ძველი შენობის დანგრევა და ახლის აშენება", - ამბობს ის.

წამყვანის კითხვაზე, თუ სად იგეგმება ახალი კლინიკის მშენებლობა - იგივე ტერიტორიაზე თუ სადმე სხვაგან - მინისტრმა დაამატა, რომ ყველა საკითხი განიხილებოდა.

"ეს იყო ჩვენთვის პირველი განგაში". ამ განცხადებამდე ერთი თვით ადრე, იანვარში, გვქონდა ინფორმაცია, რომ არსებობდა არსებული შენობის რეაბილიტაციის უკვე დასრულებული პროექტი, რომელშიც სახელმწიფომ საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა. ეს პროექტი წელიწად-ნახევარი მზადდებოდა და ითვალისწინებდა კლინიკის სამუშაოს უწყვეტობას და გაფართოებას. თანამშრომლების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას დღე-დღეზე ველოდებოდით, წინა ხელმძღვანელმა ჩაატარა კიდეც ამ გეგმის პრეზენტაცია და ყველანი კმაყოფილები ვიყავით. საუბარია 800 საწოლზე გათვლილ, ამიერკავკასიაში ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაზე. და ამის ფონზე ერთ თვეში გვესმის, რომ შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და მისი დანგრევა გადაწყდა“, - აღნიშნავს გიორგი დუნდუა.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენელი განმარტავს, მედპერსონალმა კლინიკის არსებულ ხელმძღვანელს არაერთხელ სთხოვა განმარტება საკითხზე, თუ რატომ გაუქმდა რეაბილიტაციის პროექტი და რა ბედი ეწეოდათ კლინიკის თანამშრომლებს, რაზეც, გიორგი დუნდუას თქმით, მათი პასუხი მუდმივად ბუნდოვანი იყო.

პროტესტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გიორგი დუნდუას განცხადებით, კლინიკის თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროს ორი მოთხოვნით მიმართავენ.

„პირველი მოთხოვნაა, რომ უკვე არსებული პროექტით მოხდეს შენობის რეაბილიტაცია. ჩვენ არ ვართ ამის წინააღმდეგი. რაც მთავარია, ნებისმიერი სამშენებლო თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, შენარჩუნდეს აღნიშნული შემადგენლობა და კლინიკის მუშაობის უწყვეტობა.

და მეორე: ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ არსებულ დირექტორს, რომელმაც ძალიან დამაზიანებლად იმოქმედა კლინიკისა და მისი თანამშრომლების მიმართ, და მისი შეცვლა გვინდა. თუ შეგვხვდება მინისტრი, აუცილებლად მივაწოდებთ ამასთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას. დიალოგისთვის ვართ მოწოდებული“, - აცხადებს გიორგი დუნდუა.

ინფორმაციისთვის: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ნაწილობრივი დემონტაჟი განხორციელდება, თუმცა თანამშრომლები სამსახურსაც და ხელფასსაც შეინარჩუნებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები