რუსეთ-უკრაინის ომმა „საქართველოს კაპიტალს“ ღვინის ბიზნესიდან შემოსავლები მკვეთრად შეუმცირა.
საინვესტიციო ჰოლდინგმა ინვესტორებს ღვინის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების 44.5%-იანი ვარდნის შესახებ აცნობა. 2022 წლის პირველ კვარტალში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 45.9%-ით არის შემცირებული გაყიდული ღვინის ბოთლების რაოდენობა. მთავარი მიზეზი ამ ორ ბაზარზე ექსპორტის შემცირება გახდა. ბიზნესში EBITDA 3,2 მლნ ლარით შემცირდა და უარყოფითი 1.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოსავლებმა ხარჯიც კი ვერ გადაფარა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთსა და უკრაინას „საქართველოს კაპიტალის“ ღვინის ბიზნესში დიდი წილი უჭირავს. 2021 წელს ამ სეგმენტიდან ამონაგების 61% სწორედ ამ ორ ბაზარზე მოდიოდა.
„საქართველოს კაპიტალი“ ღვინის სამ კომპანიაში ფლობს წილს ("თელიანი ველი", "ქინძმარაულის მარანი", "ალავერდი") და ღვინოს საქართველოს გარდა მსოფლიოს 17 ქვეყანში ყიდის. ვენახების ბაზის მიხედვით კი, ღვინის მწარმოებელთა ხუთეულშია.
ჰოლდინგში შემავალმა კომპანიებმა 2021 წელს 9,4 მილიონი ბოთლი ღვინო გაყიდეს. გაყიდვების, დაახლოებით, 87% ექსპორტზე მოდიოდა. გასულ წელს ღვინის ბიზნესიდან შემოსავალი 60 მლნ ლარს შეადგენდა.