მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელიწადში ერთხელ თამაშის წესების რადიკალური ცვლილება ჯანდაცვის სექტორს არ უხდება"

608bb37c0a7a5
ინგა მურუსიძე
30.04.21 11:56
596
Vivo Medical-ის გენერალური დირექტორის გიორგი ყიფიანის განცხადებით, ჯანდაცვის სექტორს სჭირდება ძალიან გრძელვადიანი გეგმები, ფაქიზი მოპყრობა და წელიწადში ერთხელ თამაშის წესების რადიკალური ცვლილება არ უხდება.

ამის შესახებ მან Forbes Talks-ში განაცხადა, სადაც ჯანდაცვის სექტორში არსებულ გამოწვევებზე ვრცლად ისაუბრა.

"ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის ჯანდაცვის სექტორი მნიშვნელოვანი დარგია, რადგან ეს ყველას ეხება და ვერც ერთი ადამიანი ვერ იქნება წარმატებული, თუ მას არ აქვს წვდომა თანამდროვე ჯანდაცვის სისტემასთან. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც უკან ხევს ამ სექტორს, არის დამაზიანებელი მოქალაქისთვის. ნებისმიერი რეგულაცია, თუნდაც კერძო სექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც ხარისხს გააუარესებს ან ხელმისაწვდომობას შეზღუდავს, არის ამ მიზნიდან დაშორების ერთ-ერთი ნაბიჯი“, - განაცხადა ყიფიანმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სექტორში ძალიან ბევრი პრობლემაა, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ უფრო გრძელვადიანი, რასაც მხარდაჭერა სჭირდება.

ამასთან, გიორგი ყიფიანმა ჯანდაცვის სფეროს განვითარების კარგ მაგალითად მოიყვანა მეზობელი თურქეთი, რომელსაც მისი თქმით, 50-60 წლის წინ საერთოდ არ ჰქონდა სექტორი,  დღეს კი ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. „ეს არის სექტორი, რომელსაც სჭირდება ძალიან გრძელვადიანი გეგმები და ფაქიზი მოპყრობა და წელიწადში ერთხელ  თამაშის წესების რადიკალური ცვლილება არ უხდება. ბიუჯეტის გადახარჯვები, ტექნიკური პრობლემები ბევრია, მაგრამ თუ ამ საკითხს მივუდგებით ფუნდამენტური ძიების კუთხით, ძალიან ბევრ კითხვას გავცემთ პასუხს, მათ შორის საკანონმდებლო ბაზის თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი ყიფიანმა.