„ბეკო საქართველოს“ გენერალური დირექტორის მეჰმედ მელექის განცხადებით, "ამ დროისთვის, წინა წელთან შედარებით გაყიდვები 2%-3%-ით არის გაზრდილი". როგორც მან bm.ge-ისთან საუბარში აღნიშნა, ზაფხულის სეზონზე რეალიზაციის შედარებით კარგი ტემპი, ძირითადად, კონდიციონერების და მაცივრების გაყიდვის ხარჯზეა შენარჩუნებული, ხოლო გრძელვადიანი მოლოდინების განსასაზღვრად მნიშვნელოვანი აგვისტოს შემდგომი ერთი თვე იქნება.
„პანდემიის დროს 2 თვის განმავლობაში გაჩერებულები ვიყავით. როცა ეკონომიკა გაიხსნა, ნორმალური მუშაობა გვქონდა, ახლაც გაყიდვები ნორმალურ ტემპში მიმდინარეობდა. დატვირთულობა იმდენივეა, რაც გასულ წელს იყო. გაყიდვები წინა წელთან შედარებით 2%-3%-ით არის გაზრდილი. ახლა ზაფხულის სეზონია და მაცივრების და კონდიციონერების მოთხოვნის ხარჯზე, გაყიდვების კლება არ შეინიშნება, თუმცა 15 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე უნდა დავაკვირდეთ როგორი მუშაობა იქნება, ეს პერიოდი მნიშვნელოვანია პროგნოზების გასაკეთებლად“, - განაცხადა "ბეკო საქართველოს" დირექტორმა.
ამასთან, მეჰმედ მელექი ამბობს, რომ მომხმარებლები უსაფრთხოების გამკაცრებულ ზომებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას ხშირად გამოხატავენ, რაც ბიზნესისთვის დღეისთვის ერთ-ერთი გამოწვევაა.
„ძირითად გამოწვევას ახლა ის რეგულაციები წარმოადგენს, რომელიც უსაფრთხოების მიზნით უნდა დავიცვათ. მომხმარებლები აპროტესტებენ ხოლმე პირბადით მაღაზიაში შემოსვლას, რადგან კომფორტულ გარემოში ვერ ახერხებენ პოდუქტის შეძენას", - აღნიშნა მან.