მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზეთზე ფასის შემცირებას ვაპირებთ" - "ბარაქა"

62e9521b34627
მარიამ იზორია
03.08.22 00:15
2380
1 აგვისტოდან რუსეთმა ზეთსა და შროტზე საექსპორტო გადასახადი 127 დოლარით გაიზარდა. რუსეთი საქართველოსთვის მზესუმზირის ზეთის მთავარი მომწოდებელია, ამიტომ ფასების ცვლილება გავლენას საქართველოს შიდა ბაზარზეც ახდენს. თუმცა, საერთაშორისო ბაზრის ახალი კონიუნქტურის გამო ზეთ “ბარაქას” მწარმოებელ კომპანია “ალფაში” ვარაუდობენ, რომ ამ შემთხვევაში ზეთის გაძვირება მოსალოდნელი არ არის. მიზეზი მსოფლიო ბაზარზე მზესუმზირის ნედლეულის ფასის მკვეთრი შემცირებაა, რის ხარჯზეც რუსული ზეთის ფასი დაბალანსდება.

როგორც კომპანია “ალფას” კომერციული დირექტორი დავით კირვალიძე bm.ge-სთან განმარტავს, მსოფლიო ბაზარზე მზესუმზირის ფასის კლების გამო “ბარაქას” ზეთი ადგილობრივ ბაზარზე შესაძლოა მცირედით, დაახლოებით 4%-მდე გაიაფდეს.

“მსოფლიო ბაზარზე მზესუმზირის ფასი შემცირებულია, აქედან გამომდინარე, რუსეთის მიერ ექსპორტზე გაზრდილი გადასახადი გასაყიდ ზეთის ფასზე გავლენას არ მოახდენს. პირიქით, გარკვეული თანხით, მცირედით, ფასის შემცირებასაც ვაპირებთ. ეს შესაძლოა 4% იყოს. შთაბეჭდილება იქმნება, რუსეთი ექსპორტზე გაზრდილი გადასახადით პროდუქტის ექსპორტზე გასაყიდ რაოდენობებს არეგულირებს” - აღნიშნავს ის.

აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში მზესუმზირის ზეთის იმპორტი 2.3-ჯერ არის შემცირებული. უფრო კონკრეტულად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანამ 17 592 ტონა, 26 მლნ ლარის ზეთი იყიდა, მიმდინარე წელს კი საქართველოში 7 385 ტონა, 13.9 მლნ ლარის მზესუმზირის ზეთი შემოვიდა.

იმპორტის შემცირებას ეხმაურება კომპანია “ალფას” კომერციული დირექტორიც. მისი თქმით, იმპორტის შემცირება პროდუქტის მოხმარების კლებამ განაპირობა.

“ომმაც იქონია გავლენა იმპორტის შემცირებაზე, მაგრამ ამ ყველაფერს პროდუქტის გაზრდილ ფასს ვუკავშირებ. ზეთი რაც არ უნდა პირველადი მოხმარების პროდუქტი იყოს, მომხმარებელმა მოხმარება შეამცირა. Რაც შეეხება უშუალოდ კომპანიას, ჩვენ ზეთის იმპორტი არ შეგვიმცირებია, პირიქით კომპანიის ბრუნვა გაზრდილია” - განმარტავს დავით კირვალიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები