მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი ზეთის ფასი ხელმისაწვდომია, ვცდილობთ, რუსეთიდან იმპორტირებულს კონკურენცია გავუწიოთ" - იალონი

63e3b38fbc3d7
თინათინ ნატმელაძე
12.02.23 20:00
11422
მზესუმზირის გადამმუშავებელმა ადგილობრივმა საწარმო „ჯოლიომ“ , რომელიც ფოთში მდებარეობს, მზესუმზირის ზეთის წარმოება 2021 წლიდან დაიწყო და ბაზარზე „იალონის“ სახელით გამოჩნდა. როგორც კომპანიის დირექტორი პაატა ლიპარტელიანი BM.GE-სთან აცხადებს, პროდუქტი ადგილობრივი ბაზრის გარდა ექსპორტზეც გადის.

„პროდუქტზე ძალიან დიდი მოთხოვნა შუა აზიის და აფრიკის კონტინენტის ქვეყნებიდან იყო. ქართული წარმოების მზესუმზირის ზეთზე მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა, რაც პირველ რიგში რეგიონში არსებულმა მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა განაპირობა. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობს პროდუქტის მოთხოვნაზე ზრდას, ასევე მიმზიდველია ჩვენი პროდუქციის მაღალი ხარისხი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

რაფინირებული მზესუმზირის ზეთი სავაჭრო ნიშნით „იალონი“ ბოთლირებული სახით ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება. ამავე პროდუქტზე ევროპის ქვეყნებიდანაც გვაქვს მოთხოვნა. ასევე, არარაფინირებული ზეთის სახით, პროდუქტი ექსპორტზე შემდეგ ქვეყნებში გავიდა: სომხეთი, ტუნისი, ნეპალი და კენია. გვაქვს მოლაპარაკებები ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა საფრანგეთი, ისრაელი, საუდის არაბეთი, ინდოეთი. ჯამში 1 600 ტონა ზეთია ექსპორტზე გატანილი“, – განაცხადა პაატა ლიპარტელიანმა.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მისი ცნობით, "იალონის" ფასი მომხმარებელზეა მორგებული და წარმოებაში მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ქართულ ბაზარზე რუსეთიდან იმპორტირებულ ზეთს კონკურენცია გაუწიონ, თუმცა ეს საკმაოდ რთული პროცესია, რადგან რუსული ზეთი მისი ხარისხიდან გამომდინარე, დაბალფასიანია.

„კომპანია „ჯოლიოს“ აქვს რესურსი და სურვილი, რომ ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული რუსული პროდუქტი ნაწილობრივ ჩაანაცვლოს, თუმცა ექსპორტი ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება. ფასი და ხარისხი ის ორი ძირითადი ფაქტორია, რაც პროდუქტზე მოთხოვნას განაპირობებს. "ჯოლიოს" ზეთი სრულად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს და გვაქვს ბერკეტები იმპორტის ნაწილობრივ ჩანაცვლებაზე ვისაუბროთ", - ამბობს კომპანიის დირექტორი.

პაატა ლიპარტელიანი BM.GE-ს კომპანიის გამოწვევებზეც უყვება და ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რაღაც ეტაპზე ნედლეულის დეფიციტი შეექმნათ, თუმცა მას შემდეგ, რაც უკრაინამ მუშაობა განაახლა, ამ სირთულეებთან გამკლავება მოახერხეს.

„2022 ჩვენთვის საკმაოდ რთული წელი იყო, რადგან უკრაინა ჩვენთვის ნედლეულის მომწოდებელი უალტერნატივო ქვეყანაა. ამან როგორც უშუალოდ მზესუმზირის შესყიდვაზე, ასევე მისი ტრანსპორტირების კუთხით გარკვეული პრობლემები შექმნა. გარდა ამისა, საერთაშორისო ბაზარზე დაიწყო ნედლეულისა და პროდუქტის ფასების დიდი რყევები, არასტაბილურობა და გაურკვევლობა. თუმცა დროთა განმავლობაში ბაზარი დასტაბილურდა და რუსეთის აგრესიის მიუხედავად, უკრაინამ ექსპორტი განაახლა. ჩვენც შევინარჩუნეთ პოზიტიური დინამიკა და წელი წარმატებულად დავხურეთ“, - განმარტავს პაატა ლიპარტელიანი.

ინფორმაციისთვის, მზესუმზირის ზეთის საწარმოო ხაზის ამოქმედებაში „ჯოლიომ“ 5 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. საწარმოს წლიურად 36 000 ტონა მზესუმზირის გადამუშავება შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები