მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ცვლილებები შედის, ვის შეეხება და რა მიზანი აქვს გაკოტრების შესახებ ახალ კანონმდებლობას?

5e3bd9471fe85
ინგა მურუსიძე
06.02.20 13:15
1733
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიას „გაკოტრების შესახებ კანონმდებლობა” და კანონპროექტში ჩაწერილი დეტალები წარუდგინა.

„პარლამენტში დღეიდან გაიგზავნება სრულიად ახალი კანონის პროექტი, რომელიც ჩაანაცვლებს ჩვენს ქვეყანაში გადახდისუუნარობის შესახებ კანონმდებლობას, რომელიც სალაპარაკო ენაზე „გაკოტრების შესახებ კანონმდელობით“ არის ცნობილი. ახალი კანონის პროექტის სახელწოდებაა "რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ" საქართველოს კანონი, მას ათეულობით თანმდევი პროექტი ახლავს პაკეტში და რეფორმის მთავარი მიზანი არის ის, რომ შეიქმნას ეკონომიკურად ჯანსაღი საკანონმდებლო ნორმები იმისათვის, რომ პრობლემების წინაშე აღმოჩენილი კომპანიისთვის შესაძლებელი იყოს რეაბილიტაციის პროცესი. ანუ მიზანი უნდა იყოს არა კომპანიის დაღუპვა და გაკოტრება, არამედ მისი გადარჩენა და სირთულეების პროცესში როგორც მოვალის ინტერესების დაცვა, ასევე დასაქმებული პირების და კრედიტორთა უფლებების დაცულობა“, - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი ნოვაციაა ამ კანონპროექტში, მათ შორის გათვალისწინებულია სასამართლოს მიღმა პროცედურებიც.

„კანონპროექტში გათვალისწინებულია, რომ იქამდე, ვიდრე გადახდისუუნაროდ გამოცხადებამდე მივა საქმე, შემოდის რეგულირებული შეთანხმების ინსტიტუტი, ხოლო თუკი სასამართლომდე მივა საქმე, სასამართლოს უფლებამოსილება გადახდის უნარის შესახებ განცხადება ცნოს ან არ ცნოს დასაშვებად, ხოლო დასაშვებობის შემთხვევაში გახსნას რეაბილიტაციის, ან გაკოტრების რეჟიმი. კონვერსიის შესაძლებლობას უშვებს კანონი - ანუ, თუკი რეაბილიტაციის პროცეში გამოიკვეთა ამგვარი პროცესის უპერსპექტივობა, გაკოტრების რეჟიმზე გადავიდეს პროცედურა, მაგრამ თუკი გაკოტრებისას გამოიკვეთა რეაბილიტაციის საშუალებები, პროცესი დაუბრუნდეს რეაბილიტაციის რეჟიმს“, - განმარტა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანის ინფორმაციით, კანონმდებლობაში შემოდის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ცნება და აიკრძალება ამ პროცესში არაპროფესიონალების მონაწილეობა, თუმცა გარდამავლი პერიოდი იქნება მათთვის, ვინც დღეს ამ სფეროში საქმიანობს, თუმცა ამ საქმის მაღალკვალიფიციური პერსონალი არ არის.

მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანი იქნება, რომ იუსტიციის სამინისტრო შეიმუშავებს პრაქტიკოსთა რეესტრს, ელექტრონულ სისტემას, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით შეარჩევს ამა თუ იმ პრაქტიკოსს, ვინც უნდა იყოს მომავალში პროცედურის მმართველი და ა.შ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონპროექტით ხდება გაკოტრების მასის რეფორმირება, ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი ნოვაცია, რაზეც უნდა ვაღიაროთ, რომ იუსტიციის სამინისტროს ფინანსთა სამინისტროსთან რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები დაგვჭირდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო აღარ იქნება არც ერთ მომენტში გადახდისუუნარობის პროცესში ჩართული და ამ პროცესს, მმართველობას სასამართლო პროცედურის ფარგლებში, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსები გაუწევენ. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს მხრიდან კომპრომისს, ეს ეხება იმას, რომ რევოლუციური ნაბიჯია ეს და შემოსავლების სამსახური გახდება არა უპირველესი კრედიტორთა შორის, როგორც ახლა არის ეს, არამედ გახდება ერთი რიგითი ჩვეულებრივი კრედიტორი“, - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საკითხის განსახილველად ყველა ჩართულ მხარეს ქმედებებისთვის მოკლე ვადები ექნება განსაზღვრული.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები