მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეწერა და რა შეიცვალა კომუნიკაციების კანონპროექტში?

5f0ec628ac210
შოთა ტყეშელაშვილი
15.07.20 13:15
1237
გუშინ, ღამის პირველ საათამდე გრძელდებოდა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტის განხილვა, რომელსაც დეპუტატებთან ერთად უმსხვილესი ოპერატორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღეს პარლამენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა განახლებული კანონპროექტი, რომელშიც გუშინ გამართულ შეხვედრაზე შეჯერებული ნორმები არის ასახული. ახალი კანონპროექტით იცვლება კომისიის მიერ კომპანიაში დანიშნული სპეციალური მმართველის უფლებამოსილება. კანონის ახალი ვერსიით, სპეციალურ მმართველს აღარ ექნება უფლება მოახდინოს კომპანიის წილების რეალიზება.

რა ეწერა და რა შეიცვალა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტში:

რა წერია ამჟამად - მუხლი 46 (1).

"კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების სპეციალური ღონისძიებები 1. ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ ამ კანონის 26-ე - 27-ე მუხლების დარღვევის გამო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი. სპეციალური მმართველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიმართ ამ დარღვევისათვის უკვე გამოყენებულია ამ კანონის 45-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები და ჯარიმებმა ვერ უზრუნველყო კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.

რა ეწერა კანონპროექტის განახლებამდე (ამოღებულია):

1. თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან/და ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

რა წერია ამჟამად - 11.

კომისია აღსასრულებელი გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე განსაზღვრავს სპეციალური მმართველის უფლებამოსილებასა და პასუხისმგებლობას, რომელთა ფარგლებშიც სპეციალურ მმართველს შეუძლია განახორციელოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის კონტროლი და მასზე შეიძლება გადავიდეს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის ყველა ორგანოს (მათ შორის, დირექტორი/დირექტორთა საბჭო, სამეთვალყურეო საბჭო, პარტნიორთა/აქციონერთა კრება) ის უფლებამოსილება რომელიც აუცილებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნის შესასრულებლად, გარდა ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის აქტივის ან/და წილის/აქციის გასხვისებისა.

რა ეწერა აქამდე (ამოღებულია)

კომისია საკუთარი გადაწყვეტილებით განსაზღვრავს სპეციალური მმართველის უფლებამოსილებასა და პასუხისმგებლობას, რომელთა ფარგლებშიც სპეციალურ მმართველს შეუძლია განახორციელოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის სრული კონტროლი და მასზე შეიძლება გადავიდეს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის ყველა ორგანოს (მათ შორის, დირექტორი/დირექტორთა საბჭო, სამეთვალყურეო საბჭო, პარტნიორთა/აქციონერთა კრება) სრული უფლებამოსილება.

რა წერია ამჟამად

ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, სპეციალური მმართველი ასევე შეიძლება დაინიშნოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ ამ კანონის 34-ე - 35-ე მუხლებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად. სპეციალური მმართველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიმართ ამ დარღვევისათვის უკვე გამოყენებულია ამ კანონის 45-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები და ჯარიმებმა ვერ უზრუნველყო კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური მმართველი ინიშნება და მისი უფლებამოსილებები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-14, მე-16 - მე-20 პუნქტის შესაბამისად.

რა ეწერა აქამდე (ამოღებულია):

თუ კომისიის გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც დაინიშნა სპეციალური მმართველი, ეხება ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის პირდაპირი ან არაპირდაპირი წილის/აქციის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებას და თუ სპეციალური მმართველის დანიშვნამ და მის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა ვერ უზრუნველყო კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება და კომისიის გადაწყვეტილების აღუსრულებლობით ან ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისთვის ავტორიზაციის შეჩერებით/ლიცენზიის გაუქმებით შეიძლება ზიანი მიადგეს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის/აქციის გაყიდვის შესახებ.

20. კომისია ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის/აქციის გაყიდვის მიზნით ქმნის სპეციალურ სააუქციონო კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს წილის/აქციის აუქციონის გზით გაყიდვას. აუქციონი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად და არადისკრიმინაციულად და ამ პროცესის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გასხვისების ფასის შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გაზრდა და ბაზარზე კონკურენტული გარემოს შენარჩუნება.

21. კომისია უფლებამოსილია აუქციონში მონაწილეობის მიღება აუკრძალოს პირს ან გააუქმოს აუქციონის შედეგები, თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის/აქციის შეძენით შეიძლება საფრთხე შეექმნას სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.

22. კომისია სააუქციონო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებით (კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი) ასევე განსაზღვრავს ამ აუქციონის ჩატარების წესსა და პირობებს.

23. აუქციონის შედეგად ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის/აქციების გასხვისებით მიღებული თანხა (აუქციონის ჩატარებისათვის აუცილებელი ხარჯების გამოკლებით) გადაეცემა წილის/აქციის მფლობელებს მათი წილის პროპორციულად, ხოლო წილის/აქციის მფლობელის მიერ თანხის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოხდება აღნიშნული თანხის დეპონირება ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. დეპონირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯის დაფარვა მოხდება დეპონირებული თანხიდან."

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები