მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფასნამატით იყიდება სურსათი? - კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის შედეგები

63e10d1d1ca4d
ინგა მურუსიძე
06.02.23 19:30
3818
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სააგენტომ განახორციელა ფაქტობრივი და არსებული ვითარების შეფასება ფასნამატების შესახებ, რომელიც დღეს არის ბაზარზე სხვადასხვა პირველადი მოხმარების პროდუქტების შემთხვევაში. კერძოდ, როგორც ლექვინაძემ BMG-ის განუცხადა, სააგენტომ განახორციელა წინასწარი მოკვლევა 10-მდე დასახელების სასურსათო პროდუქციაზე, რომელიც დიდ წილს იკავებს თითოეული მოქალაქის მოხმარების კალათაში. საუბარია ხორბლის ფქვილზე, შაქარზე, მარილზე, ვერმიშელის პროდუქციაზე, ბრინჯზე, წიწიბურაზე და ა.შ.

"აღნიშნულის მონიტორინგს კონკურენციის სააგენტო პერიოდულად ახორციელებს. ჩვენ დავითვალეთ ფასნამატების მაჩვენებლები, იმპორტის თვითღირებულებიდან რითეილების ქსელში მიწოდებამდე, ძირითადი იმპორტიორები რა ფასნამატით მუშაობენ ამ საბითუმო ნაწილში. მაჩვენებლები ასეთია - 50-60%-70-80%-იანი ფასნამატებია ამ მიმართულებით, რომელიც ფიქსირდება იმპორტის თვითღირებულებიდან მსხვილ რითეილ-ქსელში პროდუქციის მიწოდებამდე. ჩვენ ვთვლით, რომ ეს მაჩვენებლები გაზრდილია. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ კურსის მაჩვენებელმა გამოიწვია გარკვეულწილად იმპორტის გაიაფება, თუმცა საცალო ქსელში პროდუქციის გაიაფების ნაცვლად, ეს ასახულია რიგ ფასნამატებში. თუ ამას დავამატებთ რითეილის ქსელში 20%-დან 35%-მდე ფასნამატს, მივიღებთ იმპორტის თვითღირებულებიდან საკმაოდ გაძვირებულ პროდუქციას“, - განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე ინფორმაციით, უკვე შესწავლილია პირველი ათი პროდუქტი და გრძელდება შესწავლა მომდევნო 10 პროდუქტის.

„შემდგომი 10 პროდუქტი მსგავსი ტიპის ფორმატით იქნება წარმოდგენილი“, - თქვა ლექვინაძემ.

კითხვებზე, სახელმწიფოს ფასების კონტროლის რა ბერკეტი აქვს, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ სააგენტომ მხოლოდ არსებული ვითარება შეისწავლა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტიორები გააკრიტიკა და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს იმპორტისას არსებული მაღალი ფასნამატის შესწავლა დარგის წარმომადგენლებთან ერთად დაავალა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ლევან დავითაშვილს, ლაშა ხუციშვილსა და ოთარ შამუგიას საკითხის შესწავლისა და დასკვნების დადებისთვის ორკვირიანი პერიოდი მისცა. მთავრობის მეთაურმა ისიც აღნიშნა, რომ მისი დავალებით კონკურენციის სააგენტომ პირველადი მოხმარების პროდუქტის იმპორტიორების ბაზრის მოკვლევა ჩაატარა, რა დროსაც გამოიკვეთა რომ კომპანიები მაღალ მარჟებზე მუშაობენ და მოსახლეობას დახლიდან პროდუქტის შეძენა 100%-იანი ფასნამატით უწევს.

„რამდენიმე კვირის წინ კონკურენციის სააგენტოს სურსათის პროდუქციის ფასების შესწავლა დავავალე. მაინტერესებდა რამდენად კეთილსინდისიერად და გონივრული მარჟებით მუშაობდნენ იმპორტიორები. შედეგი მართლაც შემაშფოთებელი იყო. მინდა წარმოგიდგინოთ პირველადი მოკვლევის შედეგები. ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე და მაგალითად ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი თუ მარილის შემთხვევაში საბითუმო ფასებზე დამატებულია 50%, 70%, 60%, 80%-იანი ფასნამატი, ამას ემატება საცალო ფასნამატი მინიმუმ 20-25%; გამოდის ჩვენს მოსახლეობას ამ პროდუქტების შეძენა 100%-იანი ფასნამატით უწევს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„ჩვენი მხრივ მთავრობა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ვითარება, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს არის მიღწეული და შენარჩუნებული, ამ დროს იმპორტიორების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. მინდა დავავალო ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა ის მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხების შესწავლა და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მაქსიმუმ ორ კვირაში მაგიდაზე უნდა მქონდეს სრული სურათი შესაბამისი გამოსავლის გზებით“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები