სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს გადაინაწილებს.
დადგენილებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს, წერია, რომ დადგენილების ამოქმედებისთანავე სოციალური მომსახურეობის სააგენტოში რეორგანიზაცია გამოცხადდა.
„ახალი სააგენტო განისაზღვროს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრედ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით. ამასთან, „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 და „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების (დასრულებული, პირობითი, მიმდინარე) ნაწილში − 2020 წლის 1 სექტემბრიდან (თუ იმავე პროგრამებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), ხოლო „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილების ფარგლებში შესაბამისი კომპეტენციები განახორციელოს ნაწილობრივ, იმავე დადგენილებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში“, - წერია დადგნილებაში.
ამასთან, ფუნქცია-მოვალეობების გადაცემისთვის გარდამავალ პერიოდად 31 დეკემბრამდე პერიოდი განისაზღვრა.
„გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული შესაბამისი ადმინისტრაციული ხარჯების გაწევა (გარდა შრომის ანაზღაურებისა და მივლინებასთან (სასტუმრო, დღიური) დაკავშირებული ხარჯებისა) დაევალოს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს“, - წერია დადგენილებაში.