მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაფინანსების ზრდის მიუხედავად, განათლების ხარისხი არ იზრდება

5dd7e6cdf18e5
ეგნატე შამუგია
22.11.19 19:20
6458
ერთ-ერთი საკითხი, რაც სამთავრობო დოკუმენტებში თუ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებში ხშირად გვხვდება, ეს განათლების ხარისხი და მისი დაფინანსებაა. აღნიშნულის ირგვლივ საჯარო დებატები მუდმივად აქტუალურია. შესაბამისად, განათლების დაფინანსების გაანალიზება მისი მოცულობისა და საკითხის გარშემო არსებული დისკუსიიდან გამომდინარე საინტერესოა.

რამდენიმე კვირის წინ განათლების დაფინანსებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შეეხო. მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, 2021 წლისთვის განათლების დაფინანსება ბიუჯეტის მთლიან ხარჯებთან მიმართებით 25%-მდე გაიზრდება. უფრო ადრე, განათლების დაფინანსების მასშტაბურ ზრდაზე კიდევ ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მისი პრემიერობის პერიოდში საუბრობდა. სწორედ ამ დროს პრემიერის მიერ განათლება „ეროვნულ იდეად“ მოინათლა. მამუკა ბახტაძე ბიუჯეტიდან განათლების ხარჯების ზრდას აანონსებდა. კონკრეტულად, ეს ინიციატივა განათლების ხარჯებს მშპ-სთან მიმართებით 6%-მდე ზრდას და ბიუჯეტის გადასახდელებიდან 25%-ს განათლების სექტორში ინვესტირებას გულისხმობდა. უფრო მეტიც, ყოფილი პრემიერის წინადადება განათლების დაფინანსების ქვედა ზღვრების კანონით დაწესებასაც გულისხმობდა. აღსანიშნავია, რომ ორივე ყოფილი პრემიერის მიერ დასახელებული მაჩვენებელი ერთი და იგივეა, მაგრამ ვადებში ერთწლიანი სხვაობაა. ბიძინა ივანიშვილი დაფინანსების ზრდას 2021 წლისთვის აანონსებს, როცა მამუკა ბახტაძის ინიციატივა ხსენებული ნიშნულების მიღწევას 2022 წლისთვის ითვალისწინებდა.

საბიუჯეტო დაფინანსება

საქართველოში განათლების სერვისის მიწოდებაში საკმაოდ მაღალი წილი საჯარო სექტორს უჭირავს, რომელიც ყველა საფეხურს - სკოლამდელს, ზოგადს, პროფესიულს, უმაღლესს და უმაღლესის შემდგომს განათლებას მოიცავს. ჩამოთვლილთაგან, სკოლამდელი განათლების მიმწოდებელი ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებია, ხოლო ზოგადი და უმაღლესი კი - ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები. სკოლამდელი განათლება 2013 წლიდან უფასოა, რომელის ხარჯებს სუბნაციონალური ბიუჯეტი უზრუნველყოფს. აღნიშნულ სერვისს 161,9 ათასს აღსაზრდელს 13,3 ათასი აღმზრდელ-პედაგოგი აწვდის. 2018 წელს ერთ აღსაზრდელისთვის სკოლამდელი განათლების სერვისის მიწოდების წლიური ხარჯი საშუალოდ 2 019 ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 272 ლარით მეტია.

რაც შეეხება ზოგად (სასკოლო) განათლებას, ამ სერვისის დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტი საჯარო და კერძო სკოლებში, ვაუჩერული სისტემით ახორციელებს. გარდა ვაუჩერული დაფინანსებისა, ბიუჯეტის მიერ საჯარო სკოლებში სხვა ხარჯებიც ფინანსდება, როგორიცაა მანდატურის სერვისი, მგზავრობა, ინფრასტრუქტურა და ა.შ. 2018/2019 სასწავლო წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთ მოსწავლეზე საშუალოდ 1 128 ლარი იხარჯება.
განათლების საჯარო დაფინანსებას სრულად ნაერთი ბიუჯეტია ასახავს, რომელიც ყველა დონის ბიუჯეტის მიერ განათლების ყველა საფეხურს მოიცავს. 2018 წელს ნაერთი ბიუჯეტის განათლების ხარჯმა 1 570,4 მლნ ლარი შეადგინა, რაც ამავე წლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3,8%-ია, ხოლო ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 12,7%. აღნიშნული მაჩვენებლები 2017 წელთან შედარებით არ შეცვლილა, ვინაიდან 2017 წლის ნაერთი ბიუჯეტში განათლების ხარჯები მშპ-სა და მთლიან ხარჯებთან მიმართებით იმავე ნიშნულებს იკავებდა.




2007 წლიდან მოყოლებული განათლების ხარჯებს ზრდის ტენდენცია ახასიათებს. აღნიშნულ წელს განათლების დაფინანსება მთლიანი ხარჯების 7,8%-ს შედგენდა, რაც 2018 წლისთვის 4,9 პ.პ. -ით, 12,7%-მდე გაიზარდა. განათლების საჯარო დაფინანსებაში ძირითადი ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს უჭირავს, რაც საშუალოდ 82,7%-ს შეადგენს, დანარჩენი 17,3% კი - სუბნაციონალური ბიუჯეტის წილია. ამდენად, სახელმწიფო ბიუჯეტის განათლების ხარჯებიც ნაერთი ბიუჯეტის ტენდენციას იზიარებს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტში განათლების ხარჯები იზრდება. კერძოდ, 2020 წლისთვის აღნიშნული 1 539,7 მლნ ლარითაა დაგეგმილი, რაც მთლიანი ხარჯების 12,0%-ია. მომდევნო წლის ბიუჯეტში განათლების დაფინანსების წილი ბიუჯეტის ხარჯებში 0,5 პ.პ. -ითაა გაზრდილი, ხოლო მშპ-სთან მიმართებით კი - 0,2 პ.პ. , რაც მშპ-სთან მიმართებით 3,2%-მდე ზრდაა.



მომდევნო წლისთვის განათლების დაფინანსების ზრდა ზოგად (სასკოლო) განათლებას უკავშირდება, ვინაიდან აღნიშნული მიმართულებით, მიმდინარე წელთან შედარებით 153,1 მლნ ლარით მეტი, 812,5 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის განათლების ხარჯებში წილის 52,8%-მდე ზრდას გულისხმობს. 2019 წლის გეგმით, სახელმწიფო ბიუჯეტის განათლების ხარჯებში ზოგადი განათლების წილი 48,0%-ს იკავებს, ხოლო უმაღლეს განათლებას კი - 8,6%.


ბოლო წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის განათლების ხარჯების განაწილებაში ზოგადი განათლების წილს კლების ტენდენცია ახასიათებდა, ხოლო ზრდის კუთხით კი - პროფესიული განათლება გამოირჩევა. მიმდინარე წლის გეგმით პროფესიული განათლების დაფინანსება 53,3 მლნ ლარია, რაც მომდევნო წლისთვის 56,9 მლნ ლარით იზრდება. ეს კი განათლების მთლიან ხარჯებში 3,7%-იანი წილია. 2020 წელს ზოგადი (სასკოლო) განათლების ხარჯების ზრდა საჯარო სკოლების დაფინანსების გაზრდილ მოცულობას უკავშირდება, რომელსაც განათლების მთლიან ხარჯებში 50,7% უჭირავს.

მიმდინარე წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის უმაღლესი განათლების ხარჯები 174,3 მლნ ლარს შეადგენს, რაც განათლების მთლიანი დაფინანსების 12,7%-ია. 2020 წლისთვის კი უმაღლესი განათლების დაფინანსების მოცულობა 132,2 მლნ ლარამდე მცირდება, რაც მთლიან დაფინანსებაში წილის 8,6%-მდე შემცირებას ნიშნავს. თავი მხრივ, უმაღლესი განათლების დაფინანსების ძირითადი ნაწილი საბაკალავრო/სამაგრისტრო გრანტები და საჯარო უნივერსიტეტების ხელშეწყობაა.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული მაჩვენებლების (განათლების დაფინანსების წილი გადასახდელებში 25% და მშპ-სთან მიმართებით 6,0%) მიღწევას ნაერთი ბიუჯეტში - სახელმწიფო და სუბნაციონალურ ბიუჯეტებში ერთად დაფინანსების მოცულობის გაორმაგება სჭირდება, რაც 2021 წლისთვის 3 398,0 მლნ ლარზე მეტი უნდა იყოს. ეს კი - შეუძლებელია, ვინაიდან ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების ¼-ს განათლებაზე დახარჯვის პირობებში სოციალური/ჯანმრთელობის დაცვის და თავდაცვის/საზოგადოებრივი წესრიგის დაფინანსების წილი დაახლოებით 10,0 პ.პ. უნდა შემცირდეს. ბიუჯეტის მთლიან ხარჯებთან მიმართებაში განათლების დაფინანსების 25%-იანი მაჩვენებელი თითქმის არცერთ ქვეყნას არ აქვს. თუმცა, მაღალი მაჩვენებლით ძირითადად აფრიკის ქვეყნები გამოირჩევა როგორიცაა: ვანუატუ, ზიმბაბვე, ეთიოპია და ა.შ.

განათლების ეროვნული საზომები

სასკოლო საატესტაციო გამოცდები შეიძლება ზოგადი (სასკოლო) განათლების შეფასებისთვის ერთ-ერთ საზომად იქნას გამოყენებული, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულზე დაფუძნებით ზოგადი განათლების ხარისხზე საუბარი ნაკლებად შესაძლებელია. საატესტაციო გამოცდა 2011-2018 წლებში მოქმდებდა, რომლის დაძლევა სრული ზოგადი განათლებისა და საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების - ატესტატის მიღების აუცილებელ საფუძველს წარმოადგენდა.

აღნიშნულ პერიოდში საატესტაციო გამოცდებში საშუალოდ 42,6 ათასი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას, რომლის 19,1% მინიმალურ ზღვარს ზემოთ შედეგს ვერ იღებდა. ეს მაჩვენებელი ბოლო სამწლიან პერიოდში უფრო მეტად გაზარდა. 2017 წელს 27,2%-ს მიაღწია. ზღვარგადაულახავი მოსწავლეების მაჩვენებელი ძირითადად უცხო ენას და მათემატიკას უკავშირდება, რადგან სწორედ ეს საგნებია, სადაც მოსწავლეებს ყველაზე მეტად უჭირთ ბარიერის დაძლევა.



ზოგადი განათლების შესაფასებლად კიდევ ერთი მაჩვენებლის - ეროვნული გამოცდების შედეგების გამოყენებაა შესაძლებელი. აღნიშნული სასკოლო განათლების შემდეგ საფეხურზე - უმაღლესი განათლების მიღების გაგრძელების უფლების მოპოვების საშუალებაა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება, რომლის დაძლევის შემდეგ უმაღლესი განათლების მიღების მსურველს სწავლის გაგრძელება ბაკალავრის საფეხურზე შეუძლიათ.



2007-2018 წლებში ეროვნულ გამოცდებში საშუალოდ 34,7 ათასი აბიტურიენეტი იღებს მონაწილეობას და მათგან საშუალოდ 68,7%, 23,8 ათასი აბიტურიენტი აბარებს გამოცდას, რომლებიც უმაღლეს განათლების გაგრძელების უფლებას მოიპოვებენ.

ცალკეული საგნების მიხედვით, ყველაზე დაბალი შედეგი საბუნებისმეტყველო საგნებშია, სადაც მინიმალური ზღვარს ქვემოთ მიღებული შედეგების მქონე აბიტურიენტების რაოდენობა მონაწილეთა რაოდენობის 1/3-ზე მეტია. განსაკუთრებით ზღვარგადაულახავთა წილი მაღალ ნიშნულს ფიზიკაში იკავებს. საბუნებისმეტყველო საგნების შემდეგ დაბალი მაჩვენებლით მათემატიკა გამოირჩევა.

განათლების საერთაშორისო საზომები

განათლების ხარისხის შესაფასებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც ძირითადად ზოგადი და უმაღლესი განათლების სერვისსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ერთ-ერთი ასეთი საერთაშორისო რეიტინგი გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშია, რასაც მსოფლისო ეკონომიკური ფორუმი (WEF) ადგენს. 2019 წელს გამოცემული ანგარიში 141 ქვეყანას (ეკონომიკა) ფარავს, სადაც ზოგადი (სასკოლო) და საუნივერსიტეტო განათლების ხარისხით საქართველო 3,4 ქულით 125-ე ადგილს იკავებს. ეს მაჩვენებელი 1-დან 7-მდე შკალაზე ფასდება, სადაც 7 საუკეთესო მაჩვენებელია. 2019 წელს გამოქვეყნებული ანგარიშში განათლების ნაწილის მედიანურმა საშუალო მაჩვენებელმა 4,11 ქულა შეადგინა, რომელსაც საქართველოს მიერ მიღებული ქულა 20,9%-ით ჩამოუვარდება. თავის მხრივ, აღნიშნული მაჩვენებელი დამსაქმებლის გამოკითხვას ეფუძნება, რაც ზოგადი და უმაღლესი განათლების სერვისის საშუალებით მიღებული უნარებით შრომისუნარიანი პირის შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობას იკვლევს.

ცალკე აღებული ზოგადი განათლების კომპონენტში საქართველო 3,1 ქულით 122-ე ადგილს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კომპონენტში საქართველოს პოზიცია 3 სამი ადგილით წინაა, მას უფრო დაბალი შეფასებაა აქვს, ვიდრე კონსოლიდირებულ ნაწილში. ეს კი იმავე მაჩვენებლის სხვა ქვეყნებში დაბალ ნიშნულს უკაშირდება. თუ ზოგადი და უმაღლესი განათლების ერთიანი ქულის საშუალო მედიანური 4,11-ია, ცალკე აღებული ზოგადი განათლების მედიანური საშუალო 3,73-ია.



აქვე აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველოს ზოგადი განათლების მაჩვენებელი გაუარესებულია, რაც გასულ წლებთან შედარებით 8,8%-იანი შემცირებაა. 2015-2017 წლებში ზოგადი განათლების ქულა 3,4-ს შეადგენდა, ხოლო 2014 წელს კი - 3,5-ს. ზოგად (სასკოლო) განათლებასთან შედარებით უკეთესი ნიშნულია უმაღლესი განათლების შემთხვევაში, სადაც საქართველო 3,7 ქულით 141 ქვეყნიდან 121-ე ადგილს იკავებს. წინა წლებშიც ეს კომპონენტი 3,7 ქულით იყო შეფასებული.

გარდა, გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშისა, უშუალოდ ზოგადი (სასკოლო ) განათლების ხარისხს მსოფლიოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) იკვლევს, რომელიც ტესტირების საშუალებით 15 წლის მოსწავლეებში წაკითხულის გააზრების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და მათემატიკის ცოდნის დონის განსაზღვრას ახორციელებს. აღნიშნული პირდაპირ უკავშირდება ზოგადი განათლების ხარისხს, რადგან სწორედ იმას ზომავს, რითაც სასკოლო განათლების სისტემამ მოსწავლე უნდა აღჭურვოს. PISA-ს გამოკვლევა საქართველოში სულ ორჯერ 2009 და 2015 წელს ჩატარდა. 2009 წლის მაჩვენებლებით წაკითხულის გააზრებაში საქართველოს საშუალო ქულამ 374 შეადგინა, რაც OCED-ს საშუალო მაჩვენებელზე 119 ქულით ნაკლებია. ამავე წელს მათემატიკის ნაწილში საქართველოს საშუალო ქულა 379 იყო, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში კი - 373 ქულა. აღნიშნული მაჩვენებლები მსგავსად წაკითხულის გააზრებისა, არსებითად ჩამოუვარდებოდა კვლევაში მონაწილე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. 2015 წელს ჩატარებულ კვლევაში საქართველოს მაჩვენებლები სამივე კომპონენტში საშუალოდ 18 ქულით გაუმჯობესდა და 400-ქულიანი ნიშნულს გაუტოლდა. მიუხედავად იმისა, რომ სამწლიან პერიოდში მაჩვენებლები ოდნავ გაუმჯობესდა, საქართველო კვლავ დაბალ პოზიციებს იკავებს და არსებითად ჩამორჩება კვლევაში მონაწილე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს.

დასკვნა:

როგორც აღვნიშნეთ, განათლების დაფინანსება ყოველწიურად იზრდება, რაც 2018 წლის მდგომარეობით მშპ-ს 3,8%-ია, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის ხარჯების განაწილებაში 12,7%-იან წილს იკავებს. სახელმწიფო ბიუჯეტის აღნიშნული მაჩვენებლები მიმდინარე წელსაც გაზრდილია, რაც მომდევნო წლისთვის გაზრდილი მაჩვენებლითაა დაგეგმილი. მიუხედავად იმისა, რომ განათლებაში საჯარო ინვესტიციებს ზრდის ტენდენცია ახასიათებს, ხარისხს მსგავსი ტრენდი არ გააჩნია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზოგადი განათლების სისტემა, რომელიც მოსწავლეს სათანადო ცოდნით და უნარებით ვერ უზრუნველყოფს. ეს პრობლემა კიდევ უფრო მძიმეა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში. ამდენად, განათლების დაფინანსების ზრდასა და ხარისხს შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს. აღნიშნული კი განათლების სექტორის სუბსიდირების ზრდის ნაკლებად ეფექტიანობას ადასტურებს, რამაც ხარისხის გაუმჯობესება ვერ უზრუნველყო. პირიქით, ცალკეულ კომპონენტებში მდგომარეობა გაუარესდა.

ამ გარემოებაში განათლების დაფინანსების ზრდა, მით უმეტეს გაორმაგება, ერთი მხრივ, ფისკალური რესურსებიდან გამომდინარე შეუძლებელია და მეორე მხრივ, ასეთ სისტემაში დამატებით რესურსის მიმართვა უკეთესი შედეგის მომტანი ვერ იქნება, რასაც გასული წლების გამოცდილება ადასტურებს. აქედან გამომდინარე, განათლების სისტემა ამორტიზირებულ და მოძველებულ წყალმომარაგების სისტემას ჰგავს, საიდანაც წყალი ინტენსიურად ჟონავს. ხოლო, ამორტიზირებულ სისტემაში რაც უფრო მეტი წყალს ჩავასხამთ, მით უფრო მეტს გამოჟონავს და არსებულ ნაპრალებს კიდევ უფრო გააფართოვებს.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები