მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა აქვს თურქეთის ეკონომიკას საქართველოზე - ბლოგი

5db804b577b4c
ეგნატე შამუგია
30.10.19 10:15
5230
საქართველო მცირე და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდაზე საგარეო და განსაკუთრებით ძირითად სავაჭრო პარტნიორებში განვითარებულ მოვლენებს არსებითი გავლენა გააჩნია. ძირითადი სავაჭრო ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო წლების ზრდაში მაღალი წვლილის მქონე ფაქტორებიდან გამომდინარე, ვინაიდან ამ პერიოდის ეკონომიკური ზრდის ნიშნულები საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების შედეგია, ვიდრე ადგილობრივი - კერძო მოხმარების ან კაპიტალის ფორმირების. აღნიშნული უმეტესწილად 2016 წლიდან სახეცვლილ ზრდის მოდელს უკავშირდება. ადრეულ წლებში თუ ეკონომიკურ ზრდაში ადგილობრივ მოხმარებას მაღალი წვლილი გააჩნდა, ბოლო სამწლიან პერიოდში საგარეო მოთხოვნამ ჩაანაცვლა. ამდენად, 2016 წლიდან რეგიონში მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად აისახა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში წმინდა ექსპორტის ყოველწლიური ზრდა 3%-იან მაჩვენებელს აღემატება.

სავაჭრო ბრუნვის მიხედვით საქართველოს ნომერი პირველი პარტნიორი თურქეთია, რომელსაც მთლიან ბრუნვაში საშუალოდ 15,0%-იანი წილი უჭირავს. 2018 წლის მონაცემებით, საექსპორტო ქვეყნებში თურქეთი 7,0%-იანი წილით მე-5 ადგილს იკავებდა, ხოლო იმპორტში კი - 16,1%-ით პირველ ადგილს. აღნიშნული საქართველოს ეკონომიკაზე თურქეთის მნიშვნელოვან გავლენას მიუთითებს. თავის მხრივ, ექსპორტის კუთხით თურქეთის ძირითადი სავაჭრო პარტნიორი გერმანიაა, რომელსაც თუქეთის მთლიან ექსპორტში 9,6% უჭირავს. შემდეგი ადგილებს დიდი ბრიტანეთი (6,6%), იტალია (5,7%), ერაყი (5,0%), აშშ (4,9%) და ესპანეთი (4,6%) იკავებს.
თურქეთისთვის დღეს არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზები არასახარბიელოა. მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ WEO-ში ეკონომიკური ზრდა 0,20%-ითაა პროგნოზირებული. ასევე, 2019 წლისთვის მაღალი ინფლაცია და უმუშევრობაა ნავარაუდევი, ხოლო დაბალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ეს უკანასკნელი კი, საგარეო მოთხოვნის ფორმირებაში თურქეთის ნაკლებ კონტრიბუციაზე მიუთითებს. აქვე აღსანიშნავია, რომ თურქეთის სამხედრო ოპერაციია სირიის საზღვართან და აშშ-ს მიერ სავაჭრო ტარიფიების ზრდაზე საუბარი თურქეთის ეკონომიკაზე, მოლოდინების კუთხით ნეგატიურად იმოქმედებს.



მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თურქეთის ექსპორტი 2,6%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 16,4%-ით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან თურქეთში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა წინა წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,0%-ითაა შემცირებული. რა შეეხება ეკონომიკურ ზრდას, მიმდინარე წლის I და II კვარტალში კლება დაფიქსირდა. 2019 წლის პირველი ორი კვარტლის მდგომარეობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თურქეთის ეკონომიკა 1,9%-ით შემცირდა. ეკონომიკის კლება ადგილობრივი მოხმარების და კაპიტალის ფორმირების შემცირებითაა გამოწვეული, რამაც თურქეთის მხრიდან საგარეო მოთხოვნაზე უარყოფითი გავლენა იქონია.

აშკარაა, რომ გასულ წელთან შედარებით, თურქეთის ეკონომიკური მდგომარეობის დადებითი მოლოდინები არ არსებობს, რაც მთლიანად რეგიონისა და საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდის პოტენციალზე უარყოფად აისახება. აქედან გამომდინარე საინტერესოა საქართველოს ეკონომიკაზე თურქეთის გავლენის მიმოხილვა, რომელიც ოთხი ძირითადი არხის საშუალებით ვლინდება. აღნიშნული ექსპორტზე, ინვესტიციებზე, გზავნილებზე და ტურიზმზე აისახება.

ექსპორტი

თურქეთის მიერ იმპორტირებული საქონელი და მომსახურება საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 26,1%-ია. თავის მხრივ, იმპორტზე მოთხოვნის ზრდა ადგილობრივი მოხმარების ზრდას უკავშირდება. თუ მოხმარება სწრაფი ტემპით იზრდება, იმპორტის საჭიროებაც მზარდია, რათა გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. თურქეთის შინამეურნეობის მოხმარება მსოფლიოს ფინანსური კრიზის (2009 წელი) შემდეგ, პირველად, მიმდინარე წლის I-II კვარტალში შემცირდა. 2019 წლის I ნახევარში ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,9%-ითაა შემცირებული. თურქეთში მოხმარების შემცირების ფონზე საქართველოს ექსპორტიც შემცირებულია. კერძოდ, მიმდინარე წელის I ნახევრის მდგომარეობით, თურქეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22,2%-ით ნაკლებია. ანალოგიური შემთხვევები გასულ წლებშიც აღინიშნებოდა, როცა თურქეთში კერძო მოხმარების ზრდის შენელებას, საქართველოდან ექსპორტის შემცირება მოჰყვებოდა.



თურქეთიდან ექსპორტზე მოთხოვნას დიდწილად ეროვნული ვალუტის - ლირას მდგომარეობაც განაპირობებს, რადგან ქვეყანას, რომელის ვალუტა მყარდება იმპორტი უიაფდება. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია სავაჭრო პარტნიორების ეროვნული ვალუტის გამყარება. ბოლო ხუთწლიან პერიოდში თურქული ლირა დოლართან მიმართებაში ქართული ლარის მსგავსად გაუფასურებას განიცდის. 2018 წლის ბოლოს თურქეთის ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო, რაც მიმდინარე წლის თებერვლამდე შეინარჩუნა, თუმცა მარტიდან დაწყებულმა გაუფასურებამ ბოლო წლების მაქსიმუმს მიაღწია.

 

2009-2013 წლებში საქართველოს მთლიან ექსპორტში თურქეთის წილს კლების ტენდენცია ახასიათებდა, მაგრამ 2014-2017 წლებში გაუმჯობესდა და ეს მაჩვენებელი 5,9%-დან 7,9%-მდე გაიზარდა, თუმცა 2018 წელს თურქეთში ექსპორტის წილი კვლავ შემცირდა. მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის მდგომარეობით, საქართველოდან თურქეთში 120,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი და მომსახურების ექსპორტი განხორციელდა, რაც ამავე პერიოდის მთლიანი ექსპორტის 6,8%-ს შეადგენს. მშპ-თან მიმართებით თურქეთში განხორციელებული ექსპორტი საშუალოდ 1,7%-იან წილს იკავებს, რაც ბოლო წლებში 1,4%-მდეა შემცირებული.



2018 წელს თურქეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 1 706,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ბრუნვის 13,7%-ია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში თურქეთთან სავაჭრო ბრუნვის წილი კლებადია, ის საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორად რჩება. ასევე, გასულ წელის სავაჭრო დეფიციტში თურქეთთან დეფიციტს 21,4%-იანი წვლილი გააჩნდა. მთლიანი დეფიციტში თურქეთის წილი 2004 წლიდან გამოკვეთილი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა, რამაც მაქსიმალურ ნიშნულს 2014 წელს მიაღწია. კერძოდ, აღნიშნულ წლის მთლიან დეფიციტში თუქეთთან არსებულ სავაჭრო დეფიციტს 25,9%-იანი წვლილი გააჩნდა. 2002-2018 წლებში თურქეთის წილი სავაჭრო დეფიციტში საშუალოდ 16,3%-ს შეადგენს. აღნიშნული მიუთითებს, რომ თურქეთიდან იმპორტი უფრო მეტად იზრდებოდა, ვიდრე თურქეთში ექსპორტი.

ინვესტიციები

საქართველოს ეკონომიკისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პიუ) სასიცოცხლოდ მიშვნელოვანია. პიუ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების ძირითადი წყაროა. მშპ-სთან მიმართებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საშუალოდ 9,1%-იანი წილი უჭირავს. თუმცა, აღნიშნული 2018 წელს 5,2 პ.პ., 7,8%-მდე შემცირდა. თავის მხრივ, ინვესტიციების მაღალი მაჩვენებლით 2006-2007 წლები გამოირჩევა, როცა მისი ფარდობა მშპ-სთან 15,1% და 17,3%-ს შეადგენდა.

მიმდინარე წლის I ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯამურად პიუ-ს მაჩვენებელი 34,9%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში თუქეთიდან ინვესტიციების ოდენობამ 104,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2002-2018 წლებში თურქეთიდან მიღებული პიუ-ს წილი მთლიან პიუ-ში საშუალოდ 7,9%-ია, რაც გამოკვეთილი ცვალებადობით ხასიათდება. 2018 წელს თურქეთიდან პიუ-ს ოდენობამ 49,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიან მოცულობის 3,9%-ია. გასულ წელი თურქეთთან მიმართებით იმითაც გამოირჩევა, რომ 2005 წლის შემდეგ მიღებულმა პიუ-მ სწორედ ამ წელს დაიკავა ყველაზე დაბალი ნიშნული.



აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან მიღებული პიუ-ს აბსოლუტური და ფარდობითი მაჩვენებლები ყველაზე მაღალი 2016-2017 წლებში იყო. 2016 წელს თურქეთიდან ინვესტიციებმა 220,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2017 წელს კი - 256,1 მლნ აშშ დოლარი. თავის მხრივ, 2017 წელს თურქეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა საკმაოდ მაღალი ნიშნული ჩაიწერა. 2017 წელს თურქეთის ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა, რაც ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გზავნილები

უცხოეთიდან მიღებული გზავნილების განაწილებაში თურქეთი მე-5 ადგილს იკავებს. პირველი ოთხი ქვეყანა, საიდანც საქართველოში ყველაზე მეტი გზავნილია, ასე გამოიყურება: რუსეთი (40,2%), საბერძნეთი (11,8%), იტალია (10,1%) და აშშ (8,3%). 2011-2012 წლებში თურქეთიდან ფულადი გზავნილების შემცირების შემდეგ, 2013 წლიდან გზავნილების მოცულობამ სწრაფი ტემპით ზრდა დაიწყო, მაგრამ გასულ წელს თურქეთიდან მიღებული გზავნილების მოცულობა 3,4%-ით, 105,9 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. 2018 წელს თურქეთიდან მიღებული გზავნილების წილი მთლიან გზავნილებთან და მშპ-სთან მიმართებიაც შემცირებულია. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, თურქეთიდან გზავნილები 70,7 მლნ აშშ დოლარია, რაც ამავე პერიოდის მთლიანი მოცულობის 4,6%-ია. ასევე, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში თურქეთიდან მიღებული გზავნილების მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით 14,9%-ითაა შემცირებული.



აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთში სამუშაო ძალის სეზონური მიგრაცია საკმაოდ მაღალია, ხოლო მათ მიერ გამომუშავებული შემოსავლები საქართველოში ნაკლებად ხვდება საბანკო ტრანზაქციის საშუალებით. ამდენად, თურქეთიდან შემოსავლები გაცილებით მეტია, ვიდრე წარმოდგენილი მაჩვენებლები.

ტურიზმი

საქართველოს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მამოძრავებელი სექტორი ტურიზმია, რომელსაც ბოლო წლებში სწრაფი ზრდის ტემპი ახასიათებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა მშპ-თან მიმართებით 7,7% შეადგინა, რაც აბსოლუტურ მაჩვენებლებში 1 394,6 მლნ ლარია. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობის კუთხით რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი ლიდერობს.



მიმდინარე წლის I ნახევარში თურქეთიდან ვიზიტორთა რაოდენობამ 113,3 ათასი პირი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ოდნავ, 0,1%-ითაა შემცირებული. 2016 წლის II კვარტლიდან თურქეთიდან საერთაშორისო ვიზიტორთა წილი შემცირებულია, მაგრამ კვარტლების მიხედვით, აბსოლუტური მაჩვენებელი - რაოდენობა არ შემცირებულა. უშუალოდ თურქეთიდან ტურისტების წილის შემცირება კი, სხვა ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების უფრო მაღალი ტემპით ზრდას უკავშირდება. ბოლო პერიოდში ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდილი ნაკადები რუსეთს და აზერბაიჯანს უკავშირდება.



თავის მხრივ, ტურიზმიდან შემოსავლების განსაზღვრა საქსტატის მიერ ჩატარებულ სისტემურ შემთხვევითი შერჩევის მონაცემებს ეყრდნობა. ამდენად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ვიზიტორთა რაოდენობისა და შერჩევის შედეგად მიღებული სტატისტიკის - ვიზიტორის მიერ საშუალოდ დანახარჯის მიხედვით გაიანგარიშება. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემებით უფრო მეტად მართებულია ტენდენციის განხილვა.

მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში თურქეთიდან შემოსული ვიზიტორების საშუალო დანახარჯებმა ჯამში 110,1 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არ გაზრდილა და თითქმის იმავე ნიშნულს იკავებს. ამდენად, თურქეთიდან ტურისტული შემოსავლების მაჩვენებელები 2015-2019 წლებში უცვლელია და კვარტალში საშუალოდ 59,2 მლნ ლარს შეადგენს. აქვე აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან შემოსული ვიზიტორის საშუალო ხარჯი 2014-2019 წლებში არსებითად არ იცვლება, რაც კვარტალში საშუალოდ 1 041,7 ლარია. რაც შეეხება თურქეთიდან ტურისულ შემოსავლებს, აღნიშნული საშუალოდ მშპ-ს 0,8%-ს შედგენს.

დასკვნა

თურქეთის ეკონომიკის საქართველოზე გავლენა ყველაზე მეტად, სავაჭრო ნაწილში აისახება. საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება მშპ-ს საშუალოდ 1,6%-ს შეადგენს, რაც 2010 წლამდე 2,0%-იან მაჩვენებელსაც აღემატებოდა, მაგრამ ამ პერიოდიდან შემცირება დაიწყო. ყველაზე დაბალი ნიშნული კი, 2012 წელს, 0,9% დაიკავა, მაგრამ გასულ წელს თურქეთში ექსპორტის მოცულობამ მშპ-ს 1,4% შეადგინა. ექსპორტის შემდეგ, თურქეთის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ვლინდება. თურქეთიდან განხორცილებული პიუ-ს მოცულობა მშპ-ს საშუალოდ 0,8%-ია. თურქეთიდან პიუ-ს მშპ-სთან მაღალი მაჩვენებლით 2016-2017 წლები გამოირჩეოდა, როცა აღნიშნული საშუალოდ 1,6%-ს შეადგენდა, მაგრამ 2018 წელს 0,3%-მდეა შემცირებული. თურქეთიდან გზავნილების სახით მიღებულ შემოსავლებს მშპ-ს საშუალოდ 0,3% უჭირავს, რაც ბოლო წლებში ზრდის ტენდენციით ხასიათდება და მშპ-ს 0,7%-მდე აღწევს.

გამოსაყოფია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რომელის ოდენობა კვლევის შერჩევითი მონაცემების შედეგებზეა დაფუძნებული, რაც 2015 წლიდანაა წარმოდგენილი. აღნიშნული პერიოდიდან, თურქეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ დახარჯული თანხის შეფასებული ოდენობა მშპ-ს საშუალოდ 0,7%-ია. თურქეთიდან ტურისტული შემოსავლების წილი 2017-2018 წლებში, მშპ-სთან მიმართებით 0,1 პ.პ. -ითაა შემცირებული, რაც 2018 წლის მდგომარეობით 0,6%-ს შეადგენს.



საერთო ჯამში, 2018 წლის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკაზე ექსპორტის, ინვესტიციების, გზავნილების და ტურიზმის სახით თურქეთის გავლენა 3,0%-ს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 1,4 პ.პ.-ით შემცირებულია. ტურიზმიდან შემოსავლების გარეშე ეს მაჩვენებელი საშუალოდ 2,7%-ია, რომელიც 2008-2009 და 2016-2017 წლებში 3,0%-იან ნიშნულს აჭარბებდა, ხოლო ყველაზე დაბალი, 2,0%-იანი ნიშნულის ქვემოთ 2012-2013 წლებში იყო, რაც ექსპორტის წილის შემცირებას უკავშირდება, ბოლო წლების მაღალი მაჩვენებელი კი - ინვესტიციების ზრდას.

ამდენად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია თურქეთში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სტაბილურობა, რაც საქართველოსა და მთლიანად რეგიონის ეკონომიკურ ზრდაზეც დადებითად აისახება. განსაკუთრებით კი, თურქეთის ეროვნული ვალუტის - ლირის სტაბილურობაა (გამყარება) მნიშვნელოვანი, რასაც გავლენა აქვს თურქეთის მიერ საგარეო მოთხოვნის ფორმირებაზე. ეს კი, საქართველოდან თურქეთში ექსპორტს წაახალისებს, რაც დადებითი გავლენის მატარებელია ეროვნული ვალუტის - ლარის გაცვლით ნომინალურ კურსზე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები