მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ექნება რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას ავიაციაზე - უცხოური მედია

6220bd0abd26c
მარიამ ვარადაშვილი
04.03.22 02:00
1960
უკრაინაში ინტერვენციის გამო, რუსეთის საჰაერო სივრცე თითქმის სრულ ბლოკადაში მოექცა. საპასუხოდ რუსეთმა 30-ზე მეტ ქვეყანას ცა ჩაუკეტა. აღსანიშნავია, რომ არც ევროკავშირს და არც რუსეთის საავიაციო ხელისუფლებას [როსავიაციას] არ დაუსახელებიათ თარიღი, როდემდე გაგრძელდება ეს აკრძალვა.

როგორც The Guardian წერს, რუსეთიდან უმოკლეს ფრენებს ევროპის ბევრ ქვეყანაში ლიეტუვა უზრუნველყოფდა, ხოლო ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ სრულად ჩაუკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთში რეგისტრირებულ კომპანიებს, ქვეყანას თითქმის მთლიანად უბლოკავს დასავლეთში საჰაერო გზებს.

27 თებერვალს ევროკავშირმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დაიხურება. კერძოდ, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, EU-ს ცა იხურება რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში მყოფი, რუსეთში რეგისტრირებული და რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ავიაკომპანიებისთვის. სანქცია გავრცელდება კერძო თვითმფინავებზეც, ისინი ევროკავშირის საჰაერო სივრცეში დაშვება/აფრენას ვერ შეძლებენ.

რაც შეეხება აშშ-ის მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვას, რომელიც პრეზიდენტმა წლიური მიმართვის დროს დააანონსა, შეეხება როგორც უკვე დაგეგმილ სამგზავრო ფრენებს, ასევე სატვრითო და ჩარტერულ რეისებს. აშშ-სთან ერთად რუსეთს კანადამაც ჩაუკეტა საჰაერო სივრცე. ევროპის ერთ-ერთმა მსხვილმა ავიაკომპანიამ Lufthansa-მ რუსეთის მიმართულებით დროებით ყველა ფრენა გააუქმა.

ახალი ავიასანქციები გავლენას მოახდენს ევროპულ ავიაკომპანიებზე, რომლებიც აზიაში საფრენად რუსეთის საჰაერო სივრცეს იყენებენ. “ამას გავლენა სხვა ქვეყნების ავიაკომპანიებზეც ექნება, მათ შორის დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთის საჰაერო სივრცეს აზიაში ბევრ მიმართულებაზე იყენებდნენ. ეს ნიშნავს ბევრ არაპირდაპირ ფრენას, რაც ფრენების ხანგრძლივობას გაზრდის”, - უთხრა Guardian-ს ავიაციის კონსულტანტმა ჯონ სთრიქლენდმა. მისივე თქმით, ავიაკომპანიების წარმომადგენლები ამ საგანგებო ვითარებაში გეგმებზე უნდა ფიქრობდნენ. 

თავის მხრივ, რუსულმა სახელმწიფო ავიაკომპანიამ “აეროფლოტმა” ასობით ფრენა გააუქმა ევროპის მიმართულებით. რუსული ავიაკომპანიებისთვის კიდევ ერთი პრობლემა თვითმფრინავების ნაწილებს უკავშირდება. ბოინგმა და ეარბასმა განაცხადეს, რომ ტექნიკურ დახმარებას აჩერებენ. კერძოდ, ისინი რუსეთში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს თვითმფრინავის კომპონენტებს არ მიაწვდიან.

Reuters-ის ინფორმაციით, რუსული ავიაკომპანიების ანგარიშშზე 332 ბოინგი და 304 ეარბასია. ავიაციის ექსპერტების განცხადებით, იმ შემთხვევაში კი თუ ავიაკომპანიები ნაწილებს ქვეყნის გარეთ მოიპოვებენ, მათ გაუჭირდებათ ფულის გადახდა, რადგან რუსეთის ზოგიერთი ბანკი SWIFT-ის სისტემიდან არის გათიშული.

ამ ვითარებაში ერთ-ერთ ალტერნატივად ჩინეთი განიხილება, რადგან “აეროფლოტმა” გასულ წელს ხელშეკრულება გააფორმა ჰონ კონგის Aircraft Engineering Company-სთან, თუმცა ამ საკითხზე კომპანიამ Reuters-თან კომენტარი არ გააკეთა. Eurocontrol-ს და სხვა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებს, ჯერჯერობით, არ გამოუქვეყნებიათ ანგარიში საჰაერო სანქციების გავლენაზე, თუმცა ორგანიზაცია აცხადებს, რომ საჰაერო სივრცის დახურვასძალიან მნიშვნელოვანი გავლენა  ექნება რუსული ავიაციის ოპერირებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები