მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სანქციები დაეკისრებათ "თელასს" ან "თელმიკოს" დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში? - სემეკი

61fbb16f244e6
ინგა მურუსიძე
03.02.22 18:00
733
სემეკმა საჯარო სხდომაზე "თელმიკოსა" და „თელასის“ შემოწმების საკითხებზე იმსჯელა. კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, სემეკის სპეციალური ჯგუფი ადგილზე შეისწავლის შპს „თელმიკოს“ ბილინგისა და სს „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს.

სემეკის გადაწყვეტილება განპირობებულია მოქალაქეთა საჩივრებით, რომლებიც შეეხება დეკემბერსა და იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვებს. სემეკის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმების დასრულების ბოლო ვადად 3 მარტი განისაზღვრა.

სემეკ-ის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ვარაუდობს, რომ კომპანიებს სისტემური დარღვევები არ ექნებათ, თუმცა ყველაფერი შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი.

„რაც შეეხება სანქციებს: ვამოწმებთ ორივე კომპანიას, რადგან „თელასი“ ახორციელებს მონაცემების აღრიცხვას, მის ბაზებში შეყვანას და შესაბამისად, მერე უკვე მონაცემები ქვითრის გადაგზავნისთვის ეძლევა „თელმიკოს“. ვნახავთ მთელ ჯაჭვს, შესაძლოა, ორივე კომპანიის ხარვეზი იყოს, შესაძლოა არც ერთი კომპანიის არ იყოს, ან რომელიმე ერთის. პროცესს შევამოწმებთ თავიდან ბოლომდე. თუ ხარვეზი აღმოჩნდება, კომპანიებს მივცემთ ვადას, რომ ეს ხარვეზები გამოსწორდეს.

არასწორი დარიცხვის აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი გასწორდება. დარღვევების მასშტაბიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვიმსჯელით კომპანიების დაჯარიმებასთან დაკავშირებით. გასულ წელს ამაზე კომპანიები უკვე დაჯარიმებულია და ამავე დროს მიღებული აქვთ გაფრთხილება, რომ განმეორების შემთხვევაში, გასულ წელს გამოყენებული 75 და 50 ათას ლარიანი ჯარიმები გაორმაგდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ კომპანიებს შესაძლოა ლიცენზია ჩამოერთვათ, ან დაინიშნოს დროებითი მმართველი, დავით ნარმანია ამბობს, რომ ლიცენზიის ჩამორთმევა განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება, როცა ვერ სრულდება ვალდებულებები.

„ჯერ ვნახოთ, რა ტიპის დარღვევას ექნება ადგილი და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება სანქციასთან დაკავშირებით. დროებითი მმართველი შეიძლება კომპანიაში შეყვანილი იქნას იმ შემთხვევაში, როცა კომპანია არის მართვისუუნარო და ამით ზიანი ადგება მომხმარებელს“, - აღნიშნა ნარმანიამ.