მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის წმინდა მოგება აქვთ საქართველოში მთავრობის კონტრაქტორ ჩინურ კომპანიებს

5fe4cd57ab5bf
შოთა ტყეშელაშვილი
24.12.20 00:05
4535
საქართველოში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩინური სამშენებლო კომპანიების მიერ სრულდება. საგზაო და სარკინიგზო მაგისტრალებისა და გვირაბების მშენებლობისთვის ეს კომპანიები ასობით მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო დაკვეთებს ასრულებენ. განსაკუთრებულად დიდი ბრუნვის გამო, ამ კომპანიებს საკუთარი ფინანსური შედეგების გასაჯაროების ვალდებულება ეკისრებათ, სწორედ მათი აუდიტორული ანგარიშებიდან ირკვევა თუ რამდენი მილიონი ლარის მოგება რჩებათ მათ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის. ჩინურ სახელმწიფო კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება რამდენიმე მილიარდი ლარია.

ჩინური კორპორაციების ფინანსური შედეგები:

“კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში”

● შემოსავალი 2019 წელს - 121,762,774 ლარი;
● შემოსავალი 2018 წელს - 87,404,870 ლარი.
● წმინდა მოგება 2019 წელს - 17,520,212 ლარი;
● წმინდა ზარალი 2018 წელს - -21,108,597 ლარი.

ჩინური სახელმწიფო კორპორაცია Synohydro-ს ფილიალი საქართველოში 2010 წელს დაფუძნდა. კორპორაცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრაქტორია, საქართველოს გარდა ის პროექტებს ბანგლადეშში, პაკისტანში, უგანდაში, შრი-ლანკასა და ალჟირში ახორციელებს. კომპანია ძირითადად ჰიდროენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაზე სპეციალიზდება, თუმცა საქართველოში ის ავტობანის მშენებლობით არის დაკავებული.

საქართველოში “სინოჰიდროს” პროექტებს შორისაა ქობულეთის შემოვლითი გზით 12.4 კილომეტრიანი მონაკვეთი; თბილისი-რუსთავის მონაკვეთის პირველი და მესამე სექციის მშენებლობა; ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაო ზემო-ოსიაური-ჩუმათელეთის 5.8-კილომეტრიანი მონაკვეთი; სამტრედია-გრიგოლეთის 19.5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა.

“სინოჰიდროს” აქტივები 93 მილიონ ლარს შეადგენს.

“ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო”

● შემოსავალი 2019 წელს - 25,232,709 ლარი;
● შემოსავალი 2018 წელს - 130,188,561 ლარი.
● წმინდა ზარალი 2019 წელს - -7,711,996 ლარი;
● წმინდა მოგება 2018 წელს - 95,062,402 ლარი.

წმინდა მოგების მხრივ, შპს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალი პირველ ადგილზეა, რადგან კომპანიამ 2019 წელს მიღებული 130 მილიონი ლარიდან 95 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა.

„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალი“ საქართველოში 2010 წელს გაიხსნა. მისი საკონტროლო პაკეტის მფლობელი „ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის კორპორაციაა”.

კომპანია საქართველოში რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელებაში არის ჩართული, ესენია - 1) რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომლის ღირებულებაც 260 მილიონი შვეიცარული ფრანკია. პროექტის საერთო სიგრძე შეადგენს 43.911 კილომეტრს; 2) სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 ლოტის კმ 42+000 - მკ 51+570 მონაკვეთის მშენებლობა. პროექტით ასაშენებელი საავტომობილო მაგისტრალის სრული სიგრძე არის 9.57 კმ, პროექტის ფარგლებში უნდა აშენდეს 4 პანდუსი, რომელთა საერთო სიგრძე 753 მეტრია. მისი ღირებულება 113 მილიონი ლარია; 3) ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის გზის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 316.4 მილიონი ლარია. კომპანიამ კონტრაქტი 2019 წელს მოიპოვა.

ჩინეთის რკინიგზის 23-ე წარმომადგენლობის აქტივების ღირებულება 209 მილიონი ლარია.

“ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაცია”, რომელიც რიკოთის 901-მილიონიან მონაკვეთს აშენებს:

● შემოსავალი 2019 წელს - 30,038,044 ლარი;
● წმინდა მოგება 2019 წელს - 2,646,592 ლარი.

„ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი“ სხვა ჩინურ კონტრაქტორებს შორის ბაზრის ახალი მოთამაშეა, თუმცა ის ღირებულების თვალსაზრისით ყველაზე მსხვილ - 901-მილიონიან პროექტს ახორციელებს. კომპანიამ გზების დეპარტამენტის მიერ 2018 წელს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. კონტრაქტის პირობების თანახმად, კომპანიამ უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობა 2021 წლის დეკემბრამდე უნდა დაასრულოს. პროექტი საქართველოს მიერ EIB-ისგან აღებული სესხით ფინანსდება.

უბისა-შორაპანის 13-კილომეტრიან მონაკვეთზე აშენდება 18 გვირაბი, რომელთა სიგრძეები მერყეობს 300 მეტრიან 1600 მეტრამდე და 27 ხიდი, რომლიდანაც 13 განლაგებულია თბილისი-არგვეთას მიმართულებაზე, ხოლო 14 - აგრვეთა-თბილისის მიმართულებაზე.

კომპანია მმართველობით ანგარიშში მიუთითებს, რომ გზის პროექტირების ეტაპის გაგრძელების გამო, სავარაუდოა, რომ მისი მშენებლობა 2022 წელს დასრულდეს.

“საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულია დამკვეთი ზეპირსიტყვიერად და მიმდინარეობს ზუსტი ვადების შეთანხმება თუ რა ვადაში მოხდება პროექტის დასრულება. შესაბამისად პროექტის ხარჯთაღრიცხვა და შესასრულებელი სამუშაოს ნაწილი დაგეგმილია 2022 წელსაც,”- ნათქვამია მმართველობით ანგარიშში.

კომპანია „China Road and Bridge Corporation“ 1979 წელს დაფუძნდა. კომპანიამ ბოლო 10 წელიწადში ააშენა 200-ზე მეტი მაგისტრალი, რომელთა ჯამური სიგრძე 10 000 კმ-ზე მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები