მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა სასტუმრომ ისარგებლა სესხების სუბსიდირების პროგრამით - სია

5f4f47e1bd29b
ვიქტორია მღებრიშვილი
02.09.20 19:45
3334
ტურისტული სექტორის მორიგი დახმარების პაკეტის მიხედვით, ტურისტულ ბიზნესებს, რომლებსაც 20 მლნ ლარის ბრუნვა აქვთ, სესხის პროცენტის პროცენტს მთავრობა 6 თვით დაუსუბსიდირებს. ახალი პაკეტი პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ დაანონსა, მაგრამ მეტი დეტალი არ დაუკონკრეტებია.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმი იყო პირველი დარგი, რომელსაც მთავრობამ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების და საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ პირველი მხარდაჭერა მარტში აღმოუჩინა და სესხის პროცენტი საოჯახო, მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს დაუსუბსიდირა. ჯერ კიდევ მაშინ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებდა, რომ დახმარებას 18 000 მეტი ბიზნესსუბიექტი მიიღებდა და ბიუჯეტიდან მხარდაჭერისთვის, დაახლოებით, 3 მლნ ლარი გამოიყოფოდა.

საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ ტურიზმის სექტორთან კონსულტაციების შედეგად საქართველოს მთავრობამ ტურიზმის მხარდაჭერის ანტიკრიზისული პაკეტი შეიმუშავა, სადაც გაწერილი იყო, რომ სესხებს მთავრობა 3000-მდე მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებსაც დაუსუბსიდირებდა, რისთვისაც ბიუჯეტში 60 მლნ ლარი ჩადეს. 

BM.GE დაინტერესდა, ტურიზმის სექტორისთვის სესხების სუბსიდირების მესამე ეტაპის დაწყებამდე რამდენმა სასტუმრომ ისარგებლა მთავრობის მიერ სესხების პროცენტის სუბსიდირებით და რა თანხა დაიხარჯა მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში -  შესაბამისი კთხვებით პაკეტის განმახორციელებელს, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ მივმართეთ.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, 2020 წელს საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის ორი ეტაპი გამოცხადდა. პირველი ნაკადით - თანადაფინანსებით 612-მა, ხოლო მეორე ნაკადზე 295-მა ბიზნეს სუბიექტმა ისარგებლა.

„30 აგვისტოს მდგომარეობით, 907 სასტუმრო დაფინანსდა. თანადაფინანსების თანხამ 10.7 მლნ ლარი შეადგინა“, - განუცხადეს BM.GE-ის სააგენტოში.

სასტუმროების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: სახელმწიფო პროგრამის "მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის" ბენეფიციარები 

ცნობისთვის: პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ტურიზმის სექტორის მორიგი მხარდაჭერის პაკეტის პრეზენტაცია რამდენიმე დღეში მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები