მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენს და რაში ხარჯავს ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში

5d972c683928d
ელენე გოგბერაშვილი
04.10.19 15:29
5487
აბასთუმანმა საქართველოს ყოფილი პრემიერის ყურადღება ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს მიიქცია, როცა იქ ოჯახთან ერთად ისვენებდა. ბიძინა ივანიშივილმა აბასთუმანს არც წელს უღალატა.

„აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში... დავიწყოთ აბასთუმნით, მოვდოთ ეს მთელ საქართველოს,” – თქვა ივანიშვილმა წელს, 9 აგვისტოს აბასთუმანში, სადაც წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში წირვას დაესწრო და მრევლს წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღე მიულოცა.

Bm.ge დაინტერესდა რა დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში - კონკრეტულად რა პროექტებს ახორციელებს სახელისუფლებო პარტიის ლიდერი და თავის მხრივ, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა კურორტის განვითარებისთვის.

ივანიშვილის ინვესტიციები აბასთუმანში

2019 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი სახელმწიფო ქონება ბიძინა ივანიშვილმა იყიდა და თან - აბასთუმანში. კერძოდ, ფალიაშვილის ქუჩა 40-ში მდებარე ყოფილი ტუბდისპანსერის საავადმყოფო და მის გარშემო არსებული მიწა, რომლის საერთო ფართობიც 23,585 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ყოფილ პრემიერთან დაკავშირებულმა კომპანიამ 3.5 მლნ ლარად შეიძინა.

კერძოდ, ტერიტორია შპს “სანაპიროს ხედმა” შეიძინა, რომლის 100%-იან წილს პანამაში რეგისტრირებული კომპანია “ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენალი” ფლობს. პანამური კომპანიის მფლობელი კი, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია.

აუქციონის პირობების მიხედვით, ადგილზე უნდა აშენდეს სასტუმრო (რომელიც უნდა მოიცავდეს 1 ერთეულ სასტუმრო დანიშნულების შენობას ან არაუმეტეს 2 ერთეული საცხოვრებელ სახლს);

რაც შეეხება ყოფილი ტუბდისპანსერის საავადმყოფოს, როორც ცნობილია, ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ტუბსავადმყოფოს ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების, 100 ბენეფიციარზე გათვლილი ფილტვის ცენტრი დასახლებული პუნქტიდან, დაახლოებით, სამი კილომეტრის მოშორებით აშენდა, რაშიც „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის ნიკოლოზ ჩხეტიანის ინფორმაციით, ფონდმა 5,3 მილიონი ლარი გადაიხადა.

მისივე ინფორმაციით, ეს არ არის ერთადერთი პროექტი, რომელსაც ივანიშვილი აბასთუმანში ახორციელებს კურორტზე ვიზიტიდან ერთი წლის თავზე. „ქართუმ“ აბასთუმანში 7 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა”, - ამბობს ჩხეტიანი.

გარდა ამისა, როგორც bm.ge-ის ფონდში უთხრეს, „ქართუმ“ დააფინანსა ასევე აბასთუმნის ამბულატორიის რეაბილიტაცია, რაზეც 655 ათას ლარზე მეტი გამოიყო.

ასევე, ფონდში აცხადებენ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გადაწყვეტილებითვე, აბასთუმანში შენდება ხუთსართულიანი სახლი, რომელშიც კომპენსაციის სანაცვლოდ 12 ოჯახს შეასახლებენ.

„დაბა აბასთუმანში „ფონდი ქართუ“ ახორციელებს უამრავ ინფრასტრუქტურულ პროექტს. ჩვენ უკვე ავაშენეთ და გადავეცით სახელმწიფოს სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრი. ფონდი „ქართუ“ აფინანსებს კულტურული-ისტორიული ძეგლების აღდგენას. საუბარია, რამდენიმე მონასტერზე და საუბარია რომანოვების სასახლეზე. ამ ეტაპზე „ქართუმ“ დახარჯა 7 მილიონ ლარზე მეტი, მაგრამ კიდევ უფრო მეტის დაფინასება ხდება სხვა ფონდების მეშვეობით“, - განმარტავს ჩხეტიანი.

როგორც ჩანს, ნიკოლოზ ჩხეტიანი „სხვა ფონდებში“ ასევე ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდს გულისხმობს.

როგორც bm.ge-მ გაარკვია, აბასათუმანში ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ავტოგრაფს“ სწორედ თანაინვესტირების ფონდი აშენებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 34 მლნ დოლარია.

საქმე იმაშია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ცისარტყელა“, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიას ფლობს, თბილისში, „ქართუს“ სათაო ოფისის მისამართზეა რეგისტრირებული. მის 51%-იან წილს ტურიზმის განვითარების ფონდი ფლობს, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ მართვაში არსებული კომპანიააა.

სახელმწიფოს ინვესტიციები აბასთუმანში

„მინდა, გაზაფხულიდან აბასთუმანი გახდეს მხოლოდ ელექტრომობილების რეგიონი“, - ესეც ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე გაგვიზიარა.

„ვაპირებთ, გავაკეთოთ ცალკე მანქანების სადგომი. აბასთუმანში სულ 800 ოჯახია. თუ ყველაფერი სწორად განვითარდა, 10 წლის შემდეგ საქართველო შესაძლოა, პირველი ქვეყანა იყოს, რომელიც ამ დოზით შეცვლის მანქანებს”, – თქვა მაშინ ივანიშვილმა.

2019 წელის გაზაფხულმა უკვე ჩაიარა და აბასთუმანში ჯერ ელექტრომობილები არ დადიან, მაგრამ როგორც ცნობილია, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, იქ 1000 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი ეწყობა, საიდანაც 200 სადგომი ელექტროავტომობილებისთვის იქნება გათვალისწინებული, რომლის შემოყვანა კურორტზე ასევე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაა.

როგორც bm.ge-მ გაარკვია, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, აბასთუმანში სადგურისა და ღია ავტოსადგომის პროექტირება და სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება დაახლოებით, 9 მილიონი ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და 2020 წლის თებერვალში დასრულდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, რომ ჯამში, აბასთუმანში 18 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროექტებს ახორციელებენ.

კერძოდ, მათი ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის დახმარებით, აბასთუმანში ისტორიული სახლებისა და ობსერვატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 8.6 მილიონ ლარს სცდება. პროექტი ითვალისწინებს დაბა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული მე-19, მე-20 საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაციას და მათი პირვანდელი იერ-სახით აღდგენას. ასევე, ევგენი ხარაძის სახელობის ნაციონალური ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაციას.

პროექტი მოიცავს დიდი ტელესკოპის AZT-11-ის შენობის სრულ რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა. პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარედ, დასახლების ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა, საპირფარეშოებისა და პარკინგის მოწყობა. სახლებისა და ობსერვატორიის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

აბასთუმანში მუნიციპალური განვითარების ფონდის გარდა პროექტებს ახორციელებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და გზების დეპარტამენტი. მიმდინარეობს ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია, რაც ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე გადაადგილების დროს 1,5 საათით შეამცირებს. გზა 8 ლოტად არის დაყოფილი და მისი ბიუჯეტი 3 მლნ ლარს აჭარბებს.


ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, ასევე მუშაობს განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებასა და დამტკიცებაზე.

აბასთუმანში დაგეგმილია ურბანული განახლება, რომელიც მოიცავს დაბა აბასთუმნის ცენტრალური ნაწილის ურბანულ განახლებას, რომლის მთავარი მიზანია, კურორტის ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტებთან ადაპტირება და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნება - მიმდინარეობს პროექტირების მესამე ეტაპი (ჯამში ხუთი ეტაპია), რომელიც ითვალისწინებს დამატებითი საინვესტიციო პაკეტების შემოთავაზებას. პროექტი 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და 2022 წლის აპრილში დასრულდება. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარს სცდება.

ადიგენის მერის ზაქარია ენდელაძის განცხადებით, აბასთუმნის განვითარების გეგმა რამდენიმეწლიანი პროექტია და იმისთვის, რომ კურორტმა ახალ გამოწვევებს უპასუხოს, ამას შესაძლოა 2-3 წელზე მეტი დროც დასჭირდეს.

“კერძო სექტორის მხრიდან კურორტზე ასობით მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ინტერესი არის საკმაოდ მაღალი. მიმდინარე პროექტები საკმაოდ გაზრდის კურორტის პოტენციალს და აბასთუმანი დაუბრუნდება იმ მასშტაბს, რაც ადრე ჰქონდა. გაიზრდება ტურისტული ნაკადი და დიდ სარგებელს მიიღებს მოსახლეობა”, - აცხადებს bm.ge-ისთან ენდელაძე.

მისი ინფორმაციით, აბასთუმანს წელს რამდენიმე ათასი ვიზიტორი სტუმრობდა, თუმცა კურორტზე განთავსების ობიექტების ნაკლებობაა, რამდენიმე საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს, სასტუმროების და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება კი, კურორტით გაცილებით მეტ ვიზიტორს დააინტერესებს.

„ობსერვატორიაზეც მიდის ზრუნვა“, - ეს სიტყვებიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის 2018 წელს. ყოფილ პრემიერს მაშინ არ დაუკონკრეტებია ზრუნვაში რას გულისხმობდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მთავრობის დადგენილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია გამოეყოფა და ცალკე სსიპ-ად ჩამოყალიბდება. შესაბამისად, ობსერვატორიის სახელმწიფო კონტროლს განათლების სამინისტრო განახორციელებს. მიხეილ ბატიაშვილის უწყებაში განმარტავენ, რომ ობსერვატორიის ბაზაზე განხორციელდება კლასტერული ქსელის ფორმირება და თანაბარი ხელმისაწვდომობა ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი და სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები