მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადავადდა ენერგობირჟის ამოქმედება 1 წლით? - ლევან დავითაშვილის პასუხი

649d6344e1927
ვიქტორია მღებრიშვილი
29.06.23 14:56
1150
საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის გახსნის ფარგლებში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება მეექვსედ 1 წლით გადავადდა. აღნიშნულის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ BM.GE-ს განუცხადა. ენერგეტიკის სექტორი და ზოგადად ქვეყანა მის ამოქმედებას ბოლო გადაწყვეტილების მიხედვით 1 ივლისს ელოდა, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით თარიღი კვლავ შეიცვალა.

რატომ გადავადდა ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ერთი წლით - ჟურნალისტების ამ კითხვას ლევან დავითაშვილმა უპასუხა, თუმცა კონკრეტული მიზეზი, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, არ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, ამგვარად, რეგიონსა და ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რისკები, რომელიც ენერგობაზრის გახსნას უკავშირდებოდა, თავიდან იქნა აცილებული.

„ჩვენ [ენერგო ბირჟა] რამდენიმეჯერ გადავავადეთ და ეს სხვადასხვა მიზეზების გამო მოხდა. ამ შემთხვევაში ჩვენ ობიექტურად ვაფასებთ იმ ვითარებას, რომელიც არამხოლოდ ქვეყანაში, არამედ რეგიონშია შექმნილი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ჩავთვალეთ, რომ არის გარკვეული რისკები ენერგეტიკული ბაზრის გახსნისთვის, ამგვარად 1-წლიანი პერიოდი ავიღეთ. გვექნება ამაზე კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან.

ერთი მხრივ ეკონომიკის სამინისტრომ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, მეორე მხრივ კი არ გვინდა გარკვეული რისკები გავზარდოთ ენერგეტიკულ ბაზარზე, რაც ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის ხელშემშლელი იქნება, რადგან ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ენერგეტიკასთან. ენერგეტიკული ბირჟის გახსნა ისეთ დარგებს უკავშირდება, როგორებიცაა მეტალურგიას, ფეროშენადნობები და ა.შ.“ - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები