მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადავიდა საქართველო რუსულ ნავთობზე?

637b77f864a26
გიორგი თოლორდავა
21.11.22 17:33
1289
რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მიუხედავად, საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური კავშირები სულ უფრო მეტად ღრმავდება. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში სავაჭრო ბრუნვა 50%-ით, კერძოდ, 1.94 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

რუსული რესურსების იმპორტის საერთო მოცულობაში უდიდესი წილი ბენზინსა და დიზელზე მოდის, კერძოდ, იანვარ-ოქტომბერში რუსეთიდან საქართველოში 495 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები შემოვიდა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 375%-ით მეტია.

საერთო ჯამში, იანვარ-ოქტომბერში საქართველოში 1.13 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, აქედან თითქმის 43% კი რუსულ ნავთობზე მოდის.

რაც შეეხება უშუალოდ ომის დაწყების შემდეგ პერიოდს, მარტ-ოქტომბერში საქართველოში უცხოეთიდან 973 მილიონი დოლარის ნავთობი შემოვიდა, მოცულობის 48% კი რუსულ ნავთობზე მოდის.

შედარებისთვის, წლის დასაწყისში რუსული ნავთობის წილი იმპორტის საერთო მოცულობაში 16% იყო.

საგულისხმოა, რომ წარსულში ნავთობის უდიდეს ნაწილს საქართველო რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ყიდულობდა, თუმცა წელს ვითარება დრამატულად შეიცვალა.

რუსულ ნავთობზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა მარტივი მიზეზითაა განპირობებული - ის ამჟამად საერთაშორისო ბირჟაზე ყველაზე იაფად ივაჭრება.

საქმე ისაა, რომ ბირჟაზე რუსული Urals-ის მარკის ნავთობი Brent-თან შედარებით 20-25%-ით იაფად ივაჭრება. ამჟამინდელი მონაცემებით, ბარელი Brent-ის ფასი 87 დოლარს შეადგენს, WTI Crude-ის ღირებულება 80 დოლარის ფარგლებშია, ხოლო Urals-ის ფასი 70 დოლარია.

ისტორიულ მონაცემებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ Urals-სა და Brent-ს შორის ბარელზე საფასო განსხვავება ტრადიციულად 1-2 დოლარის ფარგლებში იყო, თუმცა ომის დაწყების შემდეგ აღნიშნული დიაპაზონი 20-35 დოლარამდე გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საერთაშორისო ბირჟაზე რუსული ნავთობი ერთგვარი ფასდაკლებით იყიდება.

მოგეხსენებათ, ენერგეტიკულ ბირჟაზე ფასებს მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორები განსაზღვრავს, ამ შემთხვევაში კი ცვლადი ფაქტორი მოთხოვნაა, რომელიც დასავლეთის მასშტაბით რუსულ ნავთობზე მკვეთრად იკლებს, მიწოდების უცვლელად დატოვების პირობებში კი Urals-ზე ფასი მცირდება.

დასავლეთის მასშტაბით რუსულ ნავთობზე მოთხოვნის შემცირება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირის სანქციებია. წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებით, სანქციების რიგით მეექვსე პაკეტით რუსულ ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგო დაწესდა, რომელიც წლის ბოლომდე სრულად შეზღუდავს ტანკერების საშუალებით რუსული ნავთობის იმპორტს, ხოლო 2023 წელს შეზღუდვა მილსადენსა და ნავთობპროდუქტებზეც გავრცელდება.

მართალია, სანქციების აღნიშნული პაკეტი კომპრომისულია, რაც უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის დაჟინებული მოთხოვნითაა განპირობებული, თუმცა ის მაინც უნდა ჩაითვალოს ევროკავშირის არსებობის ისტორიაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გადადგმულ უდიდეს ნაბიჯად, რომლის სრულმასშტაბიან ეფექტსაც რეალურად რამდენიმე წელიწადში ვიხილავთ.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რუსული ნავთობი არ არის საერთაშორისოდ სანქცირებული პროდუქტი, რის გამოც ჩინეთში, ინდოეთსა და, მათ შორის, საქართველოში მასზე მოთხოვნა იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები