მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მიიღო მთავრობამ სუროგაციის რეგულირების გადაწყვეტილება? - მინისტრის განმარტება

64871a4ff0d1e
ვიქტორია მღებრიშვილი
12.06.23 17:29
866
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სუროგაციის სერვისის რეგულირების შესახებ განაცხადა. მოგვიანებით კი ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ სუროგაციასთან ერთად დარეგულირდება ინვიტრო განაყოფიერების სერვისიც.

რატომ მიიღო მთავრობამ სუროგაციისა და ინვიტრო განაყოფიერების რეგულირების გადაწყვეტილება ახლა, რატომ იღებენ პროცესში ჩართვის გადაწყვეტილებას სუროგატი დედები და როგორია ქვეყანაში ამ გზით დაბადებულთა სტატისტიკა? - ეს კითხვები bm.ge-მ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს დაუსვა. უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სფეროს დარეგულირების რეკომენდაცია ქვეყანას ჯერ კიდევ 2004 წლიდან ჰქონდათ.

„ჯერ კიდევ 20 წლის წინ, როდესაც ქვეყანა ტექნოლოგიურად ვითარდებოდა, ამის საშიშროება ჩვენთანაც იყო. რატომ არის დღეს საქართველო ამ კუთხით მიმზიდველი? რადგან ეს მიმართულება სრულად დაურეგულირებელია, არც დონორის, არც სუროგაციის არანაირი აღრიცხვა არ ხდება, როგორც სიცოცხლესთან დაკავშირებული პრობლემებია, ასევე სოციალური პრობლემებია, ასეთი მოტივაციის გამჩენი რეკლამები ჩვენი მოქალაქეებისთვის შეიძლება შეცდომაში შემყვანი ხდებოდეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ყოველივე დარეგულირებულიყო.

ამასთან, ტრანსპლანტაციის კანონთან ერთად ევროასოცირების ხელშეკრულებაში გვაქვს ჩანაწერი, რომელიც პანდემიამდე - 2020 წელს უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო და ახლა დაჩქარებული მეთოდით ვცდილობთ, ეს საკითხი შემოდგომისთვის კანონის ფარგლებში იყოს მოქცეული.

მნიშვნელოვანი და პრინციპული, რაც ამ კანონით რეგულირდება, უანგარობის პრინციპია, თუნდაც საქართველოს მოქალაქე, რომელიც დონორი უნდა იყოს ან სუროგატი, უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს და ის კომპენსაცია უნდა მიიღოს, რაც ამ პროცესთან დაკავშირებულ კომპენსაციას შეიძლება ახლდეს თან ან სამედიცინო გამოკვლევებს, ან მშობიარობას და ა.შ", - განმარტა მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილი იმასაც ამბობს, რომ დღემდე ეს მიმართულება ქვეყანაში დაურეგულირებელი იყო, რაც უსაფრთხოების რისკებს ზრდიდა. მისივე ინფორმაციით, 5 წლის წინ თუ სუროგაციის და დონორობის გზით დაბადებული 1000 შემთხვევა ფიქსირდებოდა, დღეს წლიურად უკვე 2000-ზე მეტი შემთხვევაა, საიდანაც უმრავლესობა უცხოელები არიან.

აზარაშვილის განცხადებითვე, სუროგაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული პრაქტიკაა.

„ევროპის უმეტეს შემთხვევაში სუროგაციის გზით ბავშვის დაბადება საერთოდ აკრძალულია, ზოგიერთ ქვეყანაში კომპრომისული ვარიანტია, ზუსტად ეს ვარიანტი გვაქვს გადმოტანილი. ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ კომერციულია. ჩვენს ქვეყანაში ეს კომერციულად არ ითვლება, რადგან უანგარობის პრინციპით ითვლება და მხოლოდ იმ ხარჯებს ფარავს, რაც ამ პროცესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული და შემოვსაზღვრეთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, ანუ ავირჩიეთ კომპრომისული ვარიანტი, რომელიც შეიძლება დემოგრაფიულ ნაწილშიც დაგვეხმაროს - თან იყოს მოწესრიგებული და ამ მიმართულებაზე პასუხისმგებლობა ავიღოთ“, - თქვა აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრი იმასაც ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების გაჟღერებამდე უწყება დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავდა.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესაბამის ასოციაციებთან აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა, რის გამოსწორებას ვაპირებდით სექტორში და მეტნაკლებად კომპრომისული ვარიანტი მივიღეთ. აქ ძირითადად ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებია გათვალისწინებული“, - აღნიშნა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები