მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომაა საწვავზე სხვადასხვა ფასი ბრენდირებულ და სხვა სადგურებზე - ბიზნესის განმარტება

5eb179930e941
ელენე გოგბერაშვილი
05.05.20 19:33
6095
გლობალური პანდემიის გავლენით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი თითქმის 3-ჯერ შემცირდა. ფასები შემცირდა საქართველოში, საცალო ქსელებშიც, თუმცა თვალშისაცემია ფასთა შორის ის განსხვავება, რაც მომხმარებელს ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სადგურებზე ხვდება. მართალია, ბრენდირებული სადგურების შემთხვევაში ინფრასტრუქტურა გაცილებით განვითარებულია და მათი საოპერაციო დანახარჯებიც მეტია, თუმცა მომხარებლის ქცევა ფასების მიმართ მაინც სენსიტიურია. მაგალითად, არაბრენდირებულ სადგურებში თუ რეგულარის ტიპის საწვავის ფასი 1 ლარი და 40 თეთრიდან იწყება, ბრენდირებულის შემთხვევაში იგივე ტიპის ბენზინი 1 ლარი 99 თეთრი ღირს.

Bm.ge ნავთობიმპორტიორი კომპანიების პირველ პირებს ესაუბრა და შეეცადა გაერკვია, რა არის მიზეზი, რის გამოც საწვავი ქსელებში მნიშვნელოვანი ფასთასხვაობით იყიდება.

„მსხვილ კომპანიებს მეტი მარაგები ჰქონდათ და გაუჭირდათ რეაგირება საერთაშორისო ბაზარზე ფასების ვარდნაზე“, - ასეთი პასუხი აქვს ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ნავთობიმპორტიორი კომპანია "სოკარის" ხელმძღვანელს ჩვენს კითხვაზე, რატომ არის, რომ არაბრენდირებულ სადგურებზე საწვავი დღეს ბევრად იაფი ღირს, ვიდრე - მსხვილ ქსელებში.

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაიაფების ფონზე რატომ დაგვიანდა ახალი ფასების ასახვა საქართველოს საცალო ქსელებში, ამას "სოკარის" გენერალური დირექტორი ლევან გიორგაძე ასე ხსნის:

„მოულოდნელი იყო საერთაშორისო ბაზარზე ფასების ვარდნა. ჩვენ გვქონდა, დაახლოებით, 1,5-2 თვის მარაგი. არ ველოდით ფასის ასეთ მკვეთრ ვარდნას, აქედან გამომდინარე, მერე მოთხოვნა არის, ფაქტობრივად, ორჯერ შემცირებული. შესაბამისად, ეს მარაგები 2 თვის კი არ არის, გახდა 3-4 თვის. აქედან გამომდინარე, ცოტა ნელა ხდება რეაგირება ფასების მიმართულებით, თუმცა მნიშვნელოვნად დაიწია ფასებმა ბაზარზე, ლოიალური ბარათის მოხმარებლებს ვთავაზობთ ბენზინზე 25 და დიზელზე 20-თეთრიან ფასდაკლებას და დამატებით თითო ლიტრზე ერიცხებათ სამი ქულა, რაც 3 თეთრის ტოლფასია.

ნელ-ნელა ფასები უახლოვდება იმ ნიშნულს, რაც არის, მაგრამ ძირითადი მიზეზი დაგვიანების არის ის, რომ მარაგები იყო ძველი. ამას დაემატა მოთხოვნის შემცირება და მარაგების მოცულობა გაიზარდა ორჯერ.

კითხვაზე, რატომ მოხდა, რომ უფრო სწრაფად მოახდინეს რეაგირება არაბრენდულებმა, აქაც ლოგიკა იგივეა - "მათ არ აქვთ ამხელა მარაგები". ძირითადად, საბითუმოდ ყიდულობენ ადგილობრივ ბაზარზე მსხვილი კომპანიებისგან. მათ უფრო ჩქარა მოახერხეს ძველის ახალი მარაგებით ჩანაცვლება. ფასებს შორის განსხვავებას ისიც განაპირობებს, რომ მსხვილი ბრენდები დამატებით სერვისებს სთავაზობენ ავტოგასამართ სადგურებზე მომხმარებლებს. ინფრასტრუქტურა აქვთ მეტად განვითარებული. შესაბამისად, მეტი კაპიტალური დანახარჯებია გაწეული და უკუგებისთვისაც მეტი სჭირდებათ. ეს არის ეკონომიკური მიზეზები, რის გამოც არის ასეთი სხვაობა ფასებს შორის“, - განმარტავს ლევან გიორგაძე.

იგივე მიზეზით გლობალურად ფასების ვარდნაზე რეაგირება დაგვიანდა "ვისოლშიც". კომპანიის ხელმძღვანელი ამ შემთხვევაშიც მიზეზად ძვირად შესყიდული საწვავის მარაგებს ასახელებს.

მიუხედავად ამისა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ კომპანიებმა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირების შემდეგ მნიშვნელოვანი შესყიდვები განახორციელეს.


მარტში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 84,4 ათასი ტონა, რაც 14,7 ათასი ტონით ანუ 21,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვასილ ხორავა იმპორტის ზრდას ასეთ ახსნას უძებნის:

„ქცევა კომპანიების და მათ შორის ჩვენი კომპანიის იყო ის, რომ მარტში მოსალოდნელი ეპიდემიიდან გამომდინარე, გავაკეთეთ საკმაოდ აქტიური შევსება მარაგების, რადგან შეიძლება ყოფილიყო იმპორტთან დაკავშირებული ხელისშემშლელი ფაქტორები. ნებისმიერი გადაულახავი წინააღმდეგობის შემთხვევაში, ეს მიზანშეწონილია. აქ შეიძლება ყოფილიყო როგორც ლოჯისტიკური ციკლის ჩავარდნა, ისე მწაროებლის მხრიდან შეჩერება ქარხნის მუშაობის, ამიტომ მიზანშეწონილი იყო, რომ ჩვენ 2 თვის სამყოფი პროდუქტები წამოგვეღო.

ამის საპირწონედ დაგვხვდა ის, რომ აპრილში ძალიან შემცირდა რეალიზაცია და ამავე დროს აპრილში ძალიან ჩამოიწია ნავთობპროდუქტების ფასებმა. მივიღეთ ის სურათი, როდესაც კომპანიებმა მოახდინეს მარაგების შევსება და მეორე მხრივ, მივიღეთ საკმაოდ აქტიური ნაშთები, რომელიც იყო მაღალი ღირებულების. ამის გათვალისწინებით დაგვიგროვდა დიდი ნაშთი, რადგან გაადადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები იყო ქვეყანაში. ამან გამოიწვია ის, რომ ტემპი ფასების შემცირების, იყო შეადრებით შენელებული, თუმცა პერიოდულად ჩვენ 5-10 თეთრით შევამცირეთ ფასები და ვაგრძელებთ დაკლებას“, - აცხადებს ვასილ ხორავა.

კითხვაზე, კომპანია ამ ეტაპზე ძველი მარაგებიდან ყიდის პროდუქტს, თუ ახალი, შედარებით დაბალ ფასში შეძენილი მარაგებიდან, ხორავა გვპასუხობს:

„ორივე ერთად. ერთი მხრივ, რომ დავიწყოთ ლოდინი იმაზე, რომ ძველი, ძვირიანი ფასის სტოკების ამოყიდვას დაველოდოთ, ბაზრის ტრენდს ვერ გავყვებით. ჩვენი მიმართულებაა პარალელურად შემოვიტანოთ ახალი ნაშთები, რაც საშუალებას მოგვცემს, მოქნილები ვიყოთ და ამავე დროს ძველი ნაშთების რეალიზაციაც მოვახდინოთ. ჩვენ ვიყენებთ როგორ ძველი ნაშთების რეალიზაციას, ისე ვახდენთ მიმდინარე პერიოდში ნაშთების შევსებას დაბალფასიანი პროდუქტებით, რა გზითაც ვახდენთ ფასების შემცირებას“.

არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურების წარმომადგენლების თქმით, დღეს მათთან საწვავის ფასი იმის ადეკვატურია, რაც საერთაშორისო ბაზარზე ხდება. რაც შეეხება ქსელური კომპანიების მიერ რამდენიმეთვიანი მარაგების შესახებ გაკეთებულ განცხადებას, "სენტას" ხელმძღვანელი ამბობს, რომ არცერთ კომპანიას რამდენიმეთვიანი მარაგი არ აქვს.

„190 დოლარის ფარგლებშია ერთი ტონა დიზელის და ბენზის ფასი. ასევე, შედარებით დასტაბილურდა ლარი, შესაბამისად, თვითღირებულება განბაჟებული ნავთობპროდუქტების საკმაოდ დაბალია. ეს აისახა საბითუმო ბაზარზე და შესაბამისად, ეს აისახა არაბრენდირებულ სადგურებზე. ფასი 1,35- 1,50 თეთრის ფარგლებშია. ეს არის ლოგიკური და ადეკვატური შედეგი, რაც ხდება საერთაშორისო ბაზარზე და რაც ხდება ლართან დაკავშირებით.

მარაგებს რაც შეეხება, 2-3 თვიანი მარაგი რომ იყოს და ახალი საწვავი არ შედიოდეს, ასე არ ხდება. მარაგები შეიძლება იყოს 3 კვირის, ერთი თვის და არა - სამი თვის. არცერთ კომპანიას არ აქვს ამდენი ხნის მარაგი.  გამიჭირდება სხვა კომპანიების მაგივრად პასუხის გაცემა, მაგრამ არაბრენდირებულებზე რომ ფასებმა დაიწია, ეს არის რეალობა, ეს უკვე ფაქტია. ჩანს, რომ დაბალ ფასად რომ არ ჰქონდეთ მიღებული საქონელი, დაბალ ფასში ვერ გაყიდიდნენ“, - აცხადებს „სენტას“ დირექტორი ზაალ იაკობიძე.

ცალკეული კომპანიებისგან განსხვავებით, ნავთობკომპანიების ასოციაციაში განმარტეს, რომ ბრენდულ ქსელებში ფასები ბოლო პერიოდში, დაახლოებით, 20 თეთრით შემცირდა, თუმცა მომხმარებლისთვის ეს შემცირება იმიტომ ვერ გახდა საგრძნობი, რომ ჯერ კომპანიები ძველი მარაგების ამოყიდვით არიან დაკავებული.

„მათ გააჩნიათ ძველი მარაგები. შემდეგ გადავლენ იმ მარაგებზე, რომელიც შემოიტანეს და დაარეზერვეს. ჯერჯერობით, ძველი მარაგების გამოყენება ხდება... იმიტომაც დაარეზერვეს, რომ ისინი ელოდებიან მოხმარების ზრდას", - აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპირტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი კოტრიკაძე.

ბრენდულ ქსელებთან შედარებით დღეს არაბრენდირებულ სადგურებზე საწვავი 60-80 თეთრიანი სხვაობით იყიდება. კომპანიების თქმით, რომ არა ლარის გაცვლითი კურსი, შემცირება ბევრად მეტი იქნებოდა.

თუ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასი დაბალ ტრენდს შეინარჩუნებს, ბრენდულ სადგურებზე კი ძვირად შესყიდული საწვავის მარაგები ამოიწურება, მომხმარებელი საწვავის გაიაფების მორიგ ტალღას უნდა ელოდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები