დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 1 წელზე ნაკლებ დროში შექმნასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ძირითად კითხვებს პასუხობს:
„თუ გავითვალისწინებთ ფაქტს, რომ კოვიდ-პანდემიამდე ყველაზე სწრაფად შექმნილ ყბაყურას ვაქცინას დასჭირდა 4 წელი, ლოგიკურია ადამიანებს ჰქონდეთ კითხვები, როგორ მოხერხდა 1 წელზე ნაკლებ დროში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნა.
ამის 3 მთავარი მიზეზი არსებობს:
✔️ უკვე ცნობილი სხვა კორონავირუსები. მეცნიერებს არ დაუწყიათ მუშაობა ნულიდან. SARS-CoV-2 მიეკუთვნება კორონავირუსების ოჯახს, რასაც უკვე 50 წელია, იკვლევენ. ეს ნიშნავს, რომ ამ ვირუსის სტრუქტურისა და სიცოცხლის ციკლის შესახებ ინფორმაცია უკვე არსებობდა.
✔️მსოფლიოს თანამშრომლობა. ჩვეულებრივ, ვაქცინის შექმნას 10-15 წელი სჭირდება, რადგან ეს პროცესი კომპლექსურია, თუმცა პანდემიის შესაძლო ნეგატიური შედეგების ასაცილებლად, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები მუდმივ რეჟიმში უცვლიდნენ ერთმანეთს ინფორმაციას, რამაც ხელი შეუწყო ვაქცინის მოკლე დროში შექმნას.
✔️ როგორც წესი, ვაქცინის შექმნას რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარამდე სჭირდება. ცხოვრების ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად მსოფლიომ განსაკუთრებული სოლიდარობა და ერთიანობა გამოიჩინა და უმოკლეს დროში საჭირო ინვესტიციები მოიზიდა“, - განმარტავენ NCDC-ში.