გასულ უქმეებზე ფინეთის საზღვარი თითქმის 17 ათასმა რუსეთის მოქალაქემ გადაკვეთა, რაც 80%-ით მეტია წინა კვირის მონაცემებთან შედარებით. ფინეთის სასაზღვრო უწყებაზე დაყრდნობით ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
რუსეთის მოქალაქეების ფინეთში შესვლა ქვეყანაში “ნაწილობრივი” სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ დაიწყო. გასულ კვირაში ფინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ტურისტული ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს და გამონაკლისი მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებისთვის დაიშვება.
21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. რუსეთის პრეზიდენტის თანახმად, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ თადარიგში მყოფ მოქალაქეებს. მობილიზაციის დაწყების შემდეგ რუსეთის სხვადასხვა რეგიონში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.