ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებაზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები პარლამენტშია.
საქმე ის არის, რომ სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ცვლილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი იცვლება.
„ერთი მხრივ, ცესკოს თავმჯდომარისა და შვიდი წევრის არჩევის მიზნით საკონკურსო კომისიის შექმნისა და კანდიდატთა შერჩევა/წარდგენის პროცედურა პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში დარჩება, როგორც ამას კანონის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს. მეორე მხრივ, მათ ასარჩევად 2/3-იანი უმრავლესობა, პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით შემცირდება. პრეზიდენტის პროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატი სამი მეხუთედის უმრავლესობის ხმებს ვერ მიიღებს, 6-თვის ვადით იქნება არჩეული, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.
მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ზეპარტიული თანამდებობის პირია, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე, მოცემულ ვითარებაში, მმართველი გუნდის წევრი და პარლამენტის უმრავლესობით არჩეული, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესში პრეზიდენტის როლის არსებითად შემცირება გაუმართლებლად უნდა იქნას მიჩნეული. შესაბამისად, მიზანშეწონილია ამ ნაწილში კანონის მოქმედი რედაქციის შენარჩუნება.
მნიშვნელოვანია, რომ ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცედურაში კონსენსუსის საჭიროება შენარჩუნდეს, რათა მათი არჩევა არ მოხდეს ერთპარტიულად - მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ და საფრთხე არ შეექმნას დამოუკიდებელი, უპარტიო ინსტიტუტის არსებობას.
მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად გამოცხადდეს და საკონკურსო კომისია შეიქმნას პრეზიდენტის მიერ და შერჩეული კანდიდატები პარლამენტს წარედგინოს პრეზიდენტის მიერ, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს“, - აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მოტივირებულ შენიშვნებს არ იზიარებენ და ვეტოს დაძლევენ.