პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა.
მოტივირებული შენიშვნები დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ გააცნო. მისი თქმით, პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა უმრავლესობის ინიციატივით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება.
ცვლილებების თანახმად, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს. პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები კანონის მოქმედი რედაქციის უცვლელად შენარჩუნებას გულისხმობს. ამასთან, აღნიშნულია, რომ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა არ იქნას შემოღებული, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის დროს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის მიერ მისი მოვალეობის შესრულების საკითხი ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვიტოს.
მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაზე დეპუტატებმა მოსაზრებები გამოთქვეს. ვეტო მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა რომან გოცირიძემ და სანდრო რაქვიაშვილმა გაიზიარეს.
პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთი მოსმენით მიიღება. პირველ რიგში კენჭი სწორედ პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონს ეყრება. თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს, კენჭი კანონის პირვანდელ რედაქციას ეყრება.
შეგახსენებთ, კანონპროექტს ეროვნული ბანკის შესახებ პრეზიდენტმა ვეტო 23 თებერვალს დაადო. სალომე ზურაბიშვილი განმარტავდა, რომ "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებული არ იყო.
რაც შეეხება თავად ცვლილებებს, ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს. ცვლილებების პროექტის თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლება. ახალი კანონი ეროვნულ ბანკთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გააკრიტიკა.
თუმცა, გასულ კვირას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პარლამენტი ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, ჯეიმს ჯონი გასული კვირის მიწურულს ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემა „ანალიტიკას" გამოეხმაურა, რომელიც ეროვნული ბანკის საკითხს მიეძღვნა. IMF-ის წერილობით განმარტებაში, რომელიც „ანალიტიკამ“ მიიღო, აღნიშნულია, რომ „საერთაშორისო სავალუტო ფონდი გაოგნებულია პარლამენტის განცხადებით, რომ ის აპირებს, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და დაამტკიცოს ის ცვლილებები, რაც სსფ-ის მოსაზრებით, დააზიანებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და სანდოობას“.