მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგზაო პროექტები გაჩერებულია ან საცოდავი ტემპით მიღოღავს, რაც ტურიზმისთვის პრობლემაა - Feel Georgia

64b6615a57591
ვიქტორია მღებრიშვილი
18.07.23 14:38
1636
ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი Feel Georgia-ს დამფუძნებელი ლუკა თურქაძე ქვეყანაში გაჭიანურებულ ინფრასტრუქტურული პროექტებზე Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს. ტურიზმის დარგის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს სექტორს და მოქმედ კომპანიებს აზარალებს.

ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი, BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ პოსტის დაწერა მუშაობის გამოცდილებამ და იმ შეფასებებმა გადააწყვეტინა, რომელიც მის სტუმრებს სხვადასხვა ტურის დროს გამოუთქვამთ. „ისინი [ტურისტები] ვერ ხვდებიან - როგორ შეიძლება გომბორზე, ან გუდაურში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღის განმავლობაში გაჩერებული იყოს და იქ არავინ მუშაობდეს“, - აღნიშნავს BM.GE-სთან კომპანიის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ მის პოსტში ინფრასტრუქტურული პროექტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა სასაუბრო უფრო მეტ პროექტზეა.

თავის პოსტში კი ლუკა თურქაძე თბილისი-თელავის, თელავის შიდა გზების, ხაშური-ბორჯომის და ყაზბეგის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს არის პრობლემა, რომელიც მისახედია.

„ქვეყანა ფაქტობრივად პარალიზებული გვაქვს. გზებზე ინფრასტრუქტურული პროექტები ან გაჩერებულია, ან საცოდავი ტემპით მიღოღავს, რაც ძალიან დიდ პრობლემას ქმნის მაგალითად ტურიზმში. რამდენიმეს გეტყვით და თქვენ გამოიტანეთ დასკვნა.

1. თბილისი - თელავი

გომბორის უღელტეხილი ტურისტულად ძალიან მნიშვნელოვანი გზაა. სოფლის ცხოვრებით, ხილ-ბოსტნის ბაღებით, თაფლით, ხედებით, წყაროებით, ტყის გვირაბით და ა.შ. მოკლედ, თუ ტურისტი ხარ და კახეთის ნახვა გსურს, გომბორი ერთ-ერთი დიდი მარგალიტია.

გომბორზე ექვს თვეზე მეტია, ძალიან უშინაარსო, გაწელილი გზის რეაბილიტაცია დაიწყეს. როდის მუშაობენ და როდის ისვენებენ, ვერ გაიგებ, რამდენიმე მონაკვეთი ისე ამოჩიჩქნეს და მიაგდეს, თუ გზის მცოდნე არ ხარ, სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნი, არა თუ ტურისტს აჩვენო, რა მაგარია გომბორი. ვერც აჩვენებ, მტვერი ყველას და ყველაფერს ფარავს.

2. თელავის შიდა გზები არის კატასტროფულ დღეში

დიდი ორმოები, სიბინძურე და ანტისანიტარიაც. ზოგადად, ეს ქალაქი ძალიან მიუხედაობის განცდას ტოვებს (რასაც მაგალითად ყვარელზე ვერ ვიტყვით). რაც ყველაზე მძიმეა, მთელი წელია, თელავიდან ყვარელში გადასასვლელი გზა არის დაკეტილი (გზის რეაბილიტაციის მოტივით, ოღონდ არავინ მუშაობს იქ რამდენჯერაც მოვხვდი), გიწევს შემოვლითი ჩიხებით გასვლა, რომელიც ასევე დაზიანებულია. არანაირი ნიშნები და მაჩვენებლები. რამდენჯერ მინახავს დაბნეული ტურისტები, კაცმა არ იცის. თუ ავტობუსით ხარ, ლამის გურჯაანიდან გიწევს მოვლა, ყვარელში რომ მოხვდე.

3. ხაშური-ბორჯომის გზა

ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხე-ვარძია რამდენად მნიშვნელოვანი ტურისტული ლოკაციებია, აღარ ავხსნი. ხაშური-ახალდაბა-ბორჯომის გზაც ამ ლოკაციების ერთ-ერთი მთავარი შემავსებელი მონაკვეთია. მტკვრის ულამაზესი ხეობით, ხედებით და მათ შორის რამდენიმე კარგი რესტორნით. რა ხდება ამ გზაზე, თან თითქმის ყოველ წელს ჩემთვის ამოუხსნელი ფენომენია. 25-წუთიანი მონაკვეთის გავლას ახლა საშუალოდ 1.5 საათი სჭირდება, საცობის და სამუშაოების გამო. ოღონდ ეს სამუშაოები "საოცარი" ტემპებით და მეთოდებით მიმდინარეობს. მაგალითად, შაბათ-კვირას ისვენებენ, 10-დან 6-მდე მუშაობენ და ისიც ორ-ორი კაცი. ტურისტი საერთოდ რომ არ მოდიოდეს, საერთაშორისო გზაა, გადაზიდვები ხდება და ასე არასერიოზულად როგორ ვახერხებთ საქმესთან მიდგომას ვერ ვხვდები. რა თქმა უნდა, ტურისტი ამ მონაკვეთზე ვერაფერს ხედავს, ისეთი მტვერია, იტანჯება და მერე საერთოდ არ აინტერესებს შენი ვარძია, რაბათი, თუ ბორჯომის ხეობა.

4. ყაზბეგის გზა

აქაურობაზე ბევრჯერ დავწერე, მაგრამ არაფერი შეცვლილა და კიდევ გეტყვით, რა მარაზმში ვართ.

თბილისს გარეთ ყველაზე მოთხოვნადი ატრაქცია გუდაური-ყაზბეგია. ძალიან ცოტაა ისეთი ტურისტი, რომელიც თბილისში ჩამოვიდა და ყაზბეგში არ ავიდა. დღეში 7-10 ათასი ადამიანი სტუმრობს იქაურობას ბევრი მიზეზის გამო. გზა დატვირთულია, მითუმეტეს ჯვრის უღელტეხილზე მოძრაობა ისედაც არ გახლავთ მარტივი. ფასანაურში და მლეთაში 3 ადგილზე 50-მეტრიანი მონაკვეთებია ჩაქცეული. არაგვმა გზა წაიღო შარშან გაზაფხულზე. ამ სამი მონაკვეთის, ჯამში მაქსიმუმ 200 მეტრის გამო, წელიწადნახევარია ცალმხრივი მოძრაობა გვაქვს“, - წერს ლუკა თურქაძე.

BM.GE აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათი შეფერხების მიზეზებსა და შესრულების ვადებთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა. სახელმწიფო უწყებაში აცხადებენ: „გეოგრაფიული და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ყველა პროექტის პროგრესი განსხვავებულია. ყველა პროექტს აქვს როგორც განხორციელების ობიექტური ვადები, ისე სპეციფიკური გამოწვევები“.

უწყებიდან გზის თითოეულ პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდეს, სადაც განმარტავენ სხვადასხვა პროექტის შემთხვევაში, რა ფაქტორები ახდენს სამუშაოების ხანგრძლივობაზე გავლენას.

„გომბორის გზის რეაბილიტაციის პროექტი, თავის მხრივ, წარმოადგენს 2 უმნიშვნელოვანესი პრობლემის ერთობლივ გადაწყვეტას. აქ მიმდინარეობს როგორც მეწყრული მონაკვეთების პრევენციის ღონისძიებები, ისე რეაბილიტაცია და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი 33 კმ-იანია, რომელზეც დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 6 ხიდს, მოეწყობა ახალი წყალგამტარი მილები და რკინაბეტონის ქვედა და ზედა საყრდენი კედელი. ასევე, შეკეთდება ტროტუარი, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და ავტო პავილიონი. ამჟამად დასრულებულია სამუშაოები გზის ყველაზე კრიტიკულ მონაკვეთზე. დასრულდა ხელოვნური ნაგებობების მოწყობა და დაწყებულია საფარის გამოცვლისა და მოწყობის სამუშაოები, 4 კმ-მდე მონაკვეთზე დაგებულია ახალი საფარი. გადაადგილების და შეფერხებების მაქსიმალურად შესამცირებლად, 33 კმ-იან გზაზე სამუშაოები წარმოებს სექციურად. პერიოდულად, წესდება გზაზე გადაადგილების დროებითი რეჟიმები სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე. იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული სამუშაოები და მათ შორის, ასფალტის დაგება, მხოლოდ ზაფხულის და შემოდგომის სეზონზეა შესაძლებელი, სამუშაოების დასრულება 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება.

რაც შეეხება თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 2 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის ღირებულება 2.5 მლნ ლარია, ამ მონაკვეთზე წყალმომარაგების ახალი სისტემის მშენებლობა მიმდინარეობდა. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. უსაფრთხოების მიზნით, აუცილებელი გახდა გზის 2 კმ-იან მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობის დროებით დაკეტვა და ალტერნატიულ მიმართულებაზე გადართვა. პროექტი დასრულების ეტაპზეა. უკვე მოეწყო სანიაღვრეები, ხელოვნური ნაგებობები და უახლოეს დღეებში დაიწყება ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები. პროექტი სექტემბერში დასრულდება.

ხაშური-ახალციხე-ვალეს გზა, სადაც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, არის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა. ამ გზაზე, მაღალია სატრანზიტო ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა, ზაფხულის პერიოდში კი, მკვეთრად იზრდება ტურისტული ნაკადები. ავტოტრანსპორტის მოძრაობა რომ არ შეფერხებულიყო, კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო 2022 წელს და წლის ბოლოსათვის თითქმის ყველა ხელოვნური ნაგებობის მოწყობა დასრულებული იყო. ზამთარში კი სამუშაოები, ფაქტობრივად, ჩერდება, რადგან კლიმატური პირობების გამო, ტექნოლოგიურად და ფიზიკურად შეუძლებელია სამუშაოების წარმოება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზაფხულში, ტურისტული სეზონის გამო, სამუშაოები წარმოებს მხოლოდ ღამის საათებში. ამჟამად, ასფალტის საფარი მოწყობილია 4 კმ-იან მონაკვეთზე, სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება, მიმდინარეობს გზის საფუძვლის რეციკლირება, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 9.7 მლნ. ლარია და მისი დასრულება აგვისტოს ბოლოსთვის იგეგმება.

გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის პერიოდული შეკეთების სამუშაოების დაწყება ივნისში იყო დაგეგმილი, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ დაიწყო. უახლოეს დღეებში განახლდება პერიოდული შეკეთების სამუშაოები აღნიშნული მიმართულებით და სრულად აღდგება დაზიანებული მონაკვეთები. ასევე, ზამთრის პერიოდში სტიქიით დაზიანებულ კედლებზე დაწყებულია აღდგენის სამუშაოები“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები