მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს გავლით აზერბაიჯანს უნგრეთისთვის 300 მეგავატამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლია - ენერგეტიკოსი

635bc7b1c7154
მარიამ ვარადაშვილი
28.10.22 20:00
680
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უნგრეთს აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღება სურს, რათა გაზის მოხმარება შეამციროს.

ენერგეტიკოს არჩილ მამათელაშვილის მოსაზრებით, უნგრეთის პრეზიდენტმა სავარაუდოდ აზერბაიჯანიდან ტრანზიტი იგულისხმა, რადგან მისი შეფასებით, საქართველოს გავლით აზერბაიჯანს უნგრეთისთვის 300 მეგავატამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლია.

“რაც შეეხება ელექტროენერგიის გატარებას, ამის საშუალება ტექნიკურად თურქეთთან არსებობს. თავად თურქეთის დასავლეთი ნაწილი ევროპის ქსელთან არის მიერთებული. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ჩვენგან თურქეთში გავიდეს ელექტროენერგია და შემდეგ უნგრეთს მიეწოდოს. ტექნიკური თვალსაზრისით ეს შესაძლებელია. მისი მოცულობა ძალიან დიდი არ იქნება, მაქსიმუმ 700 მეგავატი იყოს, თუმცა უნგრეთისთვის ესეც ძალიან კარგი სიმძლავრეა და დიდი მოხმარება არ აქვს.

უნდა აღნიშნოს, რომ საქართველო თავად უკვე რამდენიმე წელია ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყანაა და საკუთარი მოხმარების 15-17%-ი სხვა ქვეყნებიდან, ძირითადად კი რუსეთიდან შემოაქვს. უნგრეთის პრეზიდენტმა ალბათ აზერბაიჯანიდან ტრანზიტი იგულისხმა. ჩემი აზრით, აქ საუბარი იქნება მაქსიმუმ 300-400 მეგავატზე, თუმცა ეს იმ მოხმარებისთვის, რაც უნგრეთს აქვს ცუდი არ არის”,-აცხადებს მამათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის უნგრეთი ერთ-ერთი ყველაზე მეტად დამოკიდებულია რუსულ გაზზე. ოქტომბრის დასაწყისში ქვეყნის ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის მინისტრმა განაცხადა, რომ უნდათ 2050 წლისთვის რუსეთიდან გაზის იმპორტი სრულად შეწყვიტონ. ამ მიზნის მიღწევას ქვეყანა ელექტროენერგიის წარმოების ზრდით გეგმავს, რაც ძირითადად ატომური და მზის სადგურებით უნდა მოხდეს. აღსანიშნავია, რომ 15 წლიანი შეთანხმების თანახმად, რომელსაც გასულ წელს მოეწერა ხელი უნგრეთი რუსეთიდან წლიურად 4.5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იღებს.