საქართველოში ამერიკული IT კომპანია EPAM შემოდის, - ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გააჟღერა.
საქმე იმაშია, რომ სანაოსნო, ლოგისტიკური და სავაჭრო, ასევე IT კომპანიები, „საერთაშორისო კომპანიების“ სტატუსის მიღების შემთხვევაში, საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. შეღავათები ითვალისწინებს როგორც საშემოსავლო, ისე - მოგების გადასახადის 5%-მდე შემცირებას.
ნათია თურნავა ამბობს, რომ ამერიკული კომპანიის შემოსვლა სწორედ მთავრობის შესაბამის გადაწყვეტილებას უკავშირდება.
„მთავრობამ IT კომპანიებისთვის შემოიღო განსაკუთრებული რეჟიმი, ჩვენ გვაქვს უკვე პირველი დადებითი გამოხმაურება და საქართველოში ამ დღეებში შემოვიდა ძალიან მსხვილი ამერიკული IT კომპანია, რომელმაც საკუთარი ოფისის გახსნა გადაწყვიტა საქართველოში და ახდენს თავისი ბიზნესის რეალოკაციას საქართველოში. ეს არის მსხვილი ამერიკული კომპანია, რომელიც საქმიანობს 30-ზე მეტ ქვეყანაში და ასაქმებს მთლიანად მსოფლიოში 35 ათასზე მეტ ადამიანს. მის გეგმებში შედის, რომ საქართველოში სულ მცირე 1000 მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შექმნას ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
EPAM-ი მსხვილი ამერიკული აიტი კომპანიაა, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს და 35 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.