მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საშიშია თუ არა საქართველოში შავ ზღვაზე დასვენება? - ექსპერტი კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგებზე

649029338800e
თათია ჩაფიჩაძე
19.06.23 14:15
8428
უკრაინაში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურების გამო, შავი ზღვის მარილიანობა მკვეთრად შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის შტაბი ავრცელებს.

ტესტების შედეგების მიხედვით, ოდესასთან ახლოს, ზღვის მარილიანობა თითქმის სამჯერ არის დაკლებული, რაც კაშხლის განადგურების გამო, ზღვაში მტკნარი წყლის შესვლით იხსნება.

რუსეთის მიერ კაშხლის განადგურებით გამოწვეული ტექნოგენური კატასტროფა შავი ზღვის რეგიონს გრძელვადიანი გამოწვევებითაც ემუქრება. შექმნილია ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურების საფრთხე და ინფექციების მატების რისკი, რის გამოც წლევანდელ სეზონზე კითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხოა შავ ზღვაზე დასვენება და ბანაობა, საზოგადოების მხრიდან გააქტიურებულია.

„საქართველოში მწვანეთა მოძრაობის“ დამფუძნებელმა ნინო ჩხობაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველო ამ ეტაპზე რისკის ზონაში არ არის, რადგან დინება სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მიედინება. როგორც ჩხობაძე განმარტავს, საქართველოს ტერიტორიამდე კაშხლის აფეთქების გავლენამ, შესაძლოა, 5-6-თვიან პერიოდში მოაღწიოს, თუმცა სპეციალისტი ვარაუდობს, რომ ამ პერიოდამდე შავი ზღვა ჯანსაღი ეკოსისტემის გათვალისწინებით, ბალანსის აღდგენას მოახერხებს.

აღსანიშნავია, რომ გლობალურად ამ ეტაპზე ოფიციალური კვლევები დაბინძურების ხარისხსა და მასშტაბის შესახებ არ არსებობს, მთავარი რეკომენდაცია კი სახელმწიფოების დონეზე მონიტორინგის გაძლიერებას უკავშირდება.

„ზოგადად შავ ზღვაზე საფრთხე არსებობს, ექვსივე ქვეყანა დარტყმის ქვეშ მოჰყვა, მაგრამ ამ სეზონზე ჩვენ რამდენადაც ვხვდებით დარტყმის ქვეშ არ ვართ, ვინაიდან დინება მიდის სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. ჩვენთან არის ყველაზე მეტად სუფთა წყალი შავი ზღვის სანაპიროზე და ამაზე მეტყველებს თევზჭერაც. იცით, რომ თევზი ბინადრობს მხოლოდ სუფთა გარემოში და ამ ეტაპზე თევზი შემოდის ჩვენს ტერიტორიულ წყლებში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის და არაფერი გვემუქრება. ექვსივე ქვეყანას შეეხება გარკვეულწილად და მე რომ მკითხოთ, ძალიან მნიშვნელოვანია ბუქარესტის კომისიის შეკრება, არსებობს შავი ზღვის დაცვის კონვენცია და მან უნდა გადაწყვიტოს, რა კონკრეტული დავალებები უნდა მიეცეს ქვეყნებს და როგორ უნდა ვიმუშაოთ.

საქართველოს მხრიდან ახლაც შესაძლებელია გააქტიურდეს მონიტორინგი, რომელსაც გარემოს დაცვის სააგენტო აწარმოებს. გაძლიერებულად უნდა მუშაობდნენ და მოსახლეობას უნდა ვაცნობდეთ ინფორმაციას, თუნდაც იმისთვის, რომ პანიკა, რომელიც შექმნილია სოციალურ ქსელებში, ჩავაქროთ.

ჩვენ სპეციალისტებმა თავიდანვე ვიცოდით, რომ ნაკადი წავიდოდა ოდესისკენ და არა ჩვენკენ და ეს დადასტურდა ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ. ამიტომ სანამ რამეს ამ საფრთხეებზე ვიტყვით, კარგად უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რას ვამბობთ. მწვანე მასა გამოჩნდა, ანუ რაც მოგლიჯა წავიდა ოდესისკენ და ოდესასაც იმედი აქვს, რომ ძალიან მალე წავა ის რუმინეთისკენ. მტკნარი წყლის მარაგი დიდი რაოდენობით შევიდა და დაეცა მარილიანობა, თუმცა ეს ისევ და ისევ იმ სანაპიროს მხარეს, ჩრდილოეთისკენ.

ზღვის ნაკადი განსხვავებულად მოძრაობს, ჩვენ ვიცოდით რომ ნაკადი თურქეთიდან მოდის და ჩვენგან მიდის სოჭისკენ. ზაფხულის პერიოდში ასეა, სანამ ჩვენამდე მოვა, წრეს სანამ დაარტყამს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბალანსირებას დაიწყება შავ ზღვაზე, მაგრამ ახლა მოგვეცა სპეციალისტებს საშუალება, რომ აქტიური დაკვირვება ვაწარმოოთ. შავი ზღვის მარილიანობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ ბაქტერიოლოგიური დაბინძურება არ გავრცელდეს, ამას აქვს მნიშვნელობა. მტკნარი წყლის ნაკადები შედიოდა ზღვაში, დნეპრიც თავის დროზე შედის ზღავში, უბრალოდ ახლა ერთბაშად მოხდა და ბალანსირებას ზღვა მოახდენს, თუმცა ამას დაკვირვება სჭირდება.

საშუალოდ 5-6-თვიანი პერიოდია საჭირო რომ დინება ჩვენკენ წამოვიდეს, თუ იქამდე მოაღწია საერთოდ. შავი ზღვის ეკოსისტემა იმდენად ძლიერია, ის ერევა იმ ნარჩენებს, რასაც ჩვენ თვითონ ვყრით მდინარეებში.

ამ დროისთვის გლობალური მონაცემები არ არსებობს, ამ ეტაპზე დაიწყეს შეგროვება, ახლაც იყო ტრაპზონში შეხვედრა, სადაც იყვნენ უკრაინიდანაც, რუმინეთიდანაც, ყველამ იცის რომ ეს ტალღა ამ მოძრაობით ივლიდა, საუბარია მხოლოდ მონიტორინგის სისტემის გაძლიერებაზე.“ - განმარტავს ნინო ჩხობაძე.

მწვანეთა მოძრაობაში ინფექციების გავრცელების რისკებზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მაღალი ტემპერატურის პირობებში უკრაინის ტერიტორიაზე ინფექციების გავრცელებაა მოსალოდნელი.
რისკებს შორის ასევე განიხილება საბრძოლო ტექნიკის ზღვაში დიდი რაოდენობით მოქცევაც.

„ინფექციების მატების საფრთხე არსებობს, ლპობა მიდის სერიოზული და საკმაოდ დიდ მასშტაბებზეა საუბარი, ამას ემატება ისიც, რომ ტემპერატურა მაღალია და ომის პირობებში უსაფრთხოების გათვალისწინებით და ყველა ადგილზე მისვლა ვერ ხერხდება.

უსაფრთხოების მიმართულებით რაც საყურადღებოა, ეს არის საბრძოლო მოწყობილობები, ტექნიკაა ჩასული, დიდი რაოდენობის ნაღმებია შავ ზღვაში. ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, იმიტომ რომ გახსოვთ ოდესაში ზაფხულში ჩასული ნაღმი იანვარში მოცურდა, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რაღაცამ, შესაძლოა, კიდევ შემოაღწიოს", - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ნინო ჩხობაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები