2020 წელს საქართველოში 1 054 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა. დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, რომელსაც საქსტატი აქვეყნებს, ირკვევა, რომ შარშან სასტუმროს მომსახურებით დაკავებული იყო სულ 1 010 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც აღნიშნულ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით) ფლობენ.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ 2019 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, ქვეყანაში სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობა 37.3%-ით შემცირდა.
ამასთან, 2020 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 57.9 ათასი შეადგინა, რაც 24.1%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა შემცირდა 23.4%-ით და 26.9 ათასი შეადგინა.
როგორც საქსტატის მიმოხილვაშია აღნიშნული, სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც მოიცავდა 2020 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 57.2%-ს.
სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.2% კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.8% - სახელმწიფო საკუთრებაში.
ამასთან, საქსტატის თანახმად, 2020 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 1 826.5 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 19.6%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. აქედან იჯარით გაცემული იყო 53.4 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 833.8 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 19.5%-ით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.