მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის სამინისტრო საბჭოს ქმნის

5de923110969e
დავით ჯალაღონია
05.12.19 19:30
1423
საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების უნივერსალური ხელმისაწვდომობის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პლატფორმას - საბჭოს ქმნის. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. გაბუნიას კომენტარი თავად სამინისტრომ გაავრცელა.

„სამინისტრო გეგმავს უნივერსალური ხელმისაწვდომობის თაობაზე საბჭოს ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება სათათბირო პლატფორმა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს მსჯელობის საშუალება არა მხოლოდ ამ კონკრეტულ საკითხებზე, არამედ ბევრ სხვა საკითხზე, რომელიც უკავშირდება უნივერსალური ხელმისაწვდომობის პროგრამის გაუმჯობესებას და ზოგადად, ახალი მექანიზმების ამოქმედებას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გავაუმჯობესოთ ხარისხი და ხელმისაწვდომობა სისტემაში.

რაც შეეხება კონკრეტულად კარდიოქირურგიასთან მიმართებაში ტარიფების დადგენის პროცესს, როგორც მოგეხსენებათ, ამასთან დაკავშირებით ვიმუშავეთ კლინიკებთან. გასულ კვირას რამდენიმე შეხვედრა იყო, ამ კვირის მანძილზე უკვე ვიღებთ დაზუსტებულ ინფორმაციას სხვადასხვა სახარჯი მასალის, სამედიცინო დანიშნულების საგნების თაობაზე დაზუსტებული ფასებით, მათი შესყიდვების გამოცდილებიდან გამომდინარე. ეს მონაცემები დამუშავების პროცესშია. როგორც კი დასრულდება მონაცემების შეგროვება, ჩვენ ჩავნიშნავთ სამუშაო შეხვედრას იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ განვიხილოთ, არის თუ არა რაიმე გადაცდომა, ან კორექტორებას საჭიროებს თუ არა რომელიმე ნაწილი და ამის მიხედვით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება ჯგუფის ჩართულობით, როგორც ამაზე შეთანხმება უკვე იყო", - განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ დადგენილებაში ცვლილებების შესატანად, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, გარკვეული სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.