მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის ახალი კანონი თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის - IMF

63ef945a91a8b
შოთა ტყეშელაშვილი
17.02.23 18:49
1470
სტატიაში საუბარია:
“საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლილების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რომელიც ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მართვის სტრუქტურას, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის,”- ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, ჯეიმს ჯონის განცხადებაში.

IMF-ის მისია საქართველოში 13-17 თებერვლის მონაკვეთში იმყოფებოდა. ორგანიზაცია კრიტიკულად აფასებს ეროვნული ბანკის კანონში დაჩქარებული წესით შეტანილ ცვლილებებს, რომელიც სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს.

“საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლილების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რომელიც ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მართვის სტრუქტურას, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის. სებ-ის მმართველობის სტრუქტურის ნებისმიერი ცვლილება დაკვირვებულ მიდგომას საჭიროებს და შინაარსობრივი კონსულტაციების საფუძველზე უნდა განხორციელდეს, რაც ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობას და სანდოობას უზრუნველყოფს,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის შესახებ სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონი დაჩქარებული წესით 9 თებერვალს მიიღო. სებ-ის შესახებ ორგანულ კანონში შესული ცვლილებები საკანონმდებლო მაცნეზე ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ როგორც პარლამენტის ვებგვერდზე ატვირთულ საბოლოო ვერსიაში წერია, კანონის ამოქმედებიდან ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის (გარდა პირველი ვიცე-პრეზიდენტისა) უფლებამოსილების შეწყვეტამდე ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში შედიან: სებ-ის პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სამი ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს სხვა წევრები.

გამოდის, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ, იმ დრომდე, სანამ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს ვადა არ ამოეწურება, ეროვნულ ბანკს ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება.

როგორც ცნობილია, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებიდან ყველაზე ადრე - მიმდინარე წლის დეკემბერში ვადა ეწურება არჩილს მესტვირიშვილს. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ სანამ არჩილ მესტვირიშვილს სებ-ის საბჭოში ვადა გაუვა, ეროვნული ბანკის საბჭო კიდევ ერთ ვიცე-პრეზიდენტს დანიშნავს. შედეგად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მინიმუმ 2023 წლის ბოლომდე, შესაძლოა, ჰყავდეს ოთხი ვიცე-პრეზიდენტი, რომელთაგან ერთი იქნება პირველი ვიცე-პრეზიდენტი. 

აღსანიშნია, რომ ორგანულ კანონში შევიდა კიდევ ერთი ცვლილება, რომლის თანახმად, სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტს ნიშნავს ეროვნული ბანკის საბჭო არანაკლებ საბჭოს ორი წევრის წარდგინებით.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები