სალომე ზურაბიშვილის მიერ სებ-ის საბჭოს კანდიდატად წარდგენილმა გიორგი მიროტაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. შესაბამისი წერილით მან საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტს მიმართა.
"მოგმართავთ თხოვნით, არ განიხილოთ ჩემი კანდიდატურა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე,
პატივისცემით,
გიორგი მიროტაძე,"- აღნიშნულია გიორგი მიროტაძის წერილში.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მაისში საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს სებ-ის საბჭოს ორ ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ხიშტოვანისა და გიორგი მიროტაძის კანდიდატურები წარადგინა.
დღეს პარტია ევროპული საქართველოს წევრმა, ირმა ნადირაშვილმა გიორგი მიროტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით გიორგი მიროტაძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას ბიზნესპარტნიორია. ნადირაშვილი ასევე ამბობს, რომ მიროტაძე პროკურატურას შეწყალების საქმეზე ჰყავს დაკითხული.
"საქმე გვაქვს პოლიტიკურ ნეპოტიზმთან, როდესაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პარტნიორი იურიდიულ კომპანიაში პრეზიდენტმა წარმოგვიდგინა, როგორც კანდიდატურა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად. შესაბამისად, ჩვენ ვხვდებით, რომ ბატონი გაბუნია პირდაპირ ახდენს გავლენას პრეზიდენტზე და მას შეუძლია პრეზიდენტს თავს მოახვიოს საკუთარი კანდიდატურები და შემდეგ ის შემოგვთავაზონ ჩვენ პარლამენტში. გაბუნია აშკარად დაკავებულია პოლიტიკური ნეპოტიზმით და ამის გამო ჩვენ გვინდა პროკურატურას მივმართოთ, ძალიან კარგად გამოიძიოს მისი გავლენები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ჩვენ გვჭირდება ძალიან ნათელი პასუხი," - ამბობს ნადირაშვილი.
ამ დროისთვის უცნობია როდის გაიმართება გიორგი ხიშტოვანისა და გიორგი მიროტაძის კანდიდატურის ჩამნაცვლებლის საპარლამენტო კენჭისყრა.
სებ-ის საბჭოს ახალი წევრების წარდგენა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 2019 წლის მაისში ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრს – ვაჟა ჯანყარაშვილს და ნიკოლოზ გონგლიაშვილს თანამდებობრივი ვადა ამოეწურათ.