მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თანხა არ გვრჩება იმისთვის, რომ მარკეტინგში გიგანტებს შევეჯიბროთ" - "კორპორაცია ქინძმარაული“

62cda1b551a8e
ალა ისპირიანი
12.07.22 23:10
1032

"კორპორაცია ქინძმარაულის“ გენერალური დირექტორი ნუგზარ ქსოვრელი სახელმწიფოს ქვეყნის და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაში დახმარებას სთხოვს.

როგორც მან „საქმიან დილაში“ განაცხადა, საქართველოში ექსპორტიორ კომპანიებს ნაკლები ცნობადობის პრობლემა აქვთ და არ რჩებათ თანხა, რომ მარკეტინგში გიგანტ კონკურენტებს შეეჯიბრონ.

„ჩვენი კომპანიისაც და ზოგადად ქართული ღვინის ხარისხი უკვე დიდი ხანია საკმაოდ კონკურენტუნარიანია და ბევრ ბაზარზე შევდივართ. უბრალოდ ზრდა ხდება ნელი ტემპებით, ვიდრე მოსალოდნელი იყო ან ვიდრე მეწარმეებს უნდოდათ. ამის პრობლემა არ მგონია ხარისხში იყოს.
ამერიკის ბაზარზე ექსპორტში ჩვენი კომპანიის წილი 10%-ია. ჩვენ წლებია ვაწყდებოდით ამ პრობლემას, [ნაკლები ცნობადობა ბაზარზე], რადგან ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საქართველო ჯორჯიის შტატთან ასოცირდება. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა ეტიკეტებზე დაგვქონდა საქართველოს რესპუბლიკა, რომ არ მომხდარიყო ჯორჯიის შტატთან არევა. ჯორჯია არაჩვეულებრივი შტატია, მაგრამ არა მეღვინეობისთვის.

სახელმწიფოს როლი ცნობადობის ამაღლებაში წარმოუდგენლად დიდია. ვიღაცებს ჰქონიათ, რომ ეს შეიძლება ასოციაციამ ან მეწარმემ გააკეთოს. ეს ძალიან რთული ამოცანაა, რადგან ჩვენ კონკურენციაში შესვლა გვიწევს ისეთ დიდ ქვეყნებთან, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, აშშ და ასე შემდეგ, სადაც მარკეტინგსა და რეკლამაში ძალიან ბევრი იხარჯება. საქართველოს ყურძნისეული წარმოების პროდუქტებს თუ ავიღებთ, მათი ექსპორტის შემთხვევაში დაახლოებით 300 მლნ დოლარის ბრუნვაზეა ლაპარაკი, რაც დიდი თანხა არ არის. ამ 300 მილიონიდან არის ძირის, ცვეთის, ნედლეულის, ასევე შრომის ანაზღაურების თანხები, ამიტომ იმის თანხა არ რჩება, რომ ჩვენ მარკეტინგში ისეთ გიგანტებს შევეჯიბროთ, როგორიცაა დასავლეთ ევროპის ან ახალი მსოფლიოს ქვეყნები, როგორიცაა ავსტრალია, არგენტინა, ჩილე, სადაც მათ სახელმწიფოც ეხმარება.

ხშირად მარკეტინგულ პროცესში ის კომპანიები იყვნენ ჩართული, რომლებიც პარალელურად ქართული ღვინის ექსპორტს ეწეოდნენ, რის გამოც შესაძლოა კონკურენტუნარიანობა შესუსტდეს. ჩემი თხოვნა იქნება, რომ იყვნენ ისეთი კონტრაქტორი ფირმები, რომლებიც იმპორტს არ განახორციელებენ და არ იქნებიან უშუალოდ რეალიზაციაში ჩართული, რაც მისასალმებელი იქნება", - განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში ქართული ღვინის ექსპორტიორებს, მაღაზიების მფლობელებს და მარკეტინგული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. მარკეტინგული კომპანიის „კოლანჯელო და პარტნერს” ოფისში გამართულ შეხვედრაზე, ოთარ შამუგიამ მათი ხედვები მოისმინა და იმედი გამოთქვა, რომ, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, „კოლანჯელო და პარტნერსი” აქტიურად იმუშავებს მარკეტინგულ და პოპულარიზაციის გეგმებზე, რომელიც ქართული ღვინის აშშ-ს ბაზარზე ცნობადობის ამაღლებისკენაა მიმართული, რაც აშშ-ში უდავოდ ქართული ღვინის საექსპორტო გაყიდვების ზრდაზე აისახება.