საქართველოს მთავრობამ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი 2013 წელს დაიწყო და მის ფარგლებში ფერმერებსა და სასოფლო-სამეურნეო ბიზნესში ჩართულ კომპანიებს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთის სუბსიდია ეძლევათ. თავდაპირველად 2013 წელს პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარი იყო, შემდგომ 2014 წელს ის 29 მილიონამდე გაიზარდა, 2015-2017 წლებში დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენდა, 2018 წელს 60 მილიონამდე, 2019-ში 71 მილიონამდე, 2020 წელს კი 93 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ამ პერიოდის განმავლობაში “შეღავათიანი აგროკრედიტის” პროგრამის მეშვეობით ბანკების მიერ სულ 3 მილიარდი ლარის მოცულობის 27 ათასი სესხი გაიცა. ამ სასესხო პორტფელზე კი სახელმწიფო ბიუჯეტმა 2013-2020 წლებში 406 მილიონი ლარის სუბსიდია გადარიცხა.
რეგიონების მიხედვით, პროგრამის სასესხო პორტფელისა და მიღებული სუბსიდიის მხრივ პირველ ადგილზე არის კახეთი, სადაც პროგრამის ფარგლებში 12 ათასი ბენეფიციარისთვის სულ 1.66 მილიარდი ლარის სესხები გაიცა, ამასთან სახელმწიფოს მიერ გადახდილი სუბსიდია 214 მილიონ ლარს შეადგენს. შესაბამისად, შეღავათიანი აგროკრედიტის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი კახეთში იხარჯება. სააგენტოს სტატისტიკაში არ არის წარმოდგენილი, თუ აგროწარმოების რომელ სფეროებზე გაიცა ყველაზე მეტი დაფინანსება, თუმცა სავარაუდოდ ეს ღვინის წარმოებაა.
339 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით და 4.8 ათასი ბენეფიციარით მეორე ადგილზეა შიდა ქართლის რეგიონი, სადაც 2013-2020 წლებში პროგრამის სუბსიდიის სახით 50 მილიონი ლარი გაიცა.
სოფლის განვითარების სააგენტოს სტატისტიკაში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ მათ მიერ დაფინანსებული 27 ათასი ბენეფიციარიდან რამდენმა დაასრულა სესხების მომსახურება და მეწარმეთა რა ნაწილმა ვერ შეძლო მათი ვალდებულებების გადახდა.